Home » საზოგადოება » გიორგი ცუცქირიძე: ეს კვლევა არ ეფუძნება სუბიექტურ გარემოებებს და ადასტურებს საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სწორად და თანმიმდევრულ ხასიათს

გიორგი ცუცქირიძე: ეს კვლევა არ ეფუძნება სუბიექტურ გარემოებებს და ადასტურებს საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სწორად და თანმიმდევრულ ხასიათს

ეს კვლევა არ ეფუძნება სუბიექტურ გარემოებებს და ადასტურებს საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სწორად და თანმიმდევრულ ხასიათს – წერს საკუთარ Facebook პოსტში ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე და ეხმაურება ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს რომლის მიხედვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის – 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის კვლავ მე-5 ადგილს იკავებს.

„ დღეს როდესაც მთავარი აქცენტები მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის სოციალური და ეკონომიკური პაკეტებისკენ არის გადასული, რაც ბუნებრივია მოცემულობაა, ამ თემატიკის მზარდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხვა საინტერესო ინფორმაციებიც ვრცელდება. ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივი კვლევა გამოქვეყნდა ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ, რომელიც ქვეყნების ბიუჯეტის გამჭვირვალობის მაჩვენებლებს ასახავს. 2019 კვლევის (Open Budget Survey – 2019) შედეგების მიხედვით საქართველო ბოლო ორი წელია კვლავ მოწინავე მე-5 ადგილს იკავებს მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის. მიმაჩნია, რომ მიმდინარე წელს ეს არის უკვე მეორე მნიშვნელოვანი აღიარება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

მოგეხსენებათ მიმდინარე წლის მარტში Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმს მიაღწია, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა და წინ წავიწიეთ ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებში როგორიც საკუთრების უფლება, მთავრობის სამართლიანობა, სასამართლოს ეფექტიანობა, მონეტარული თავისუფლება და ფისკალური თავისუფლებაა. კვლევა ტარდება საერთაშორისო ბიუჯეტის გამჭვირვალობის (International Budget Partnership) მიერ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით. საქართველოს შემთხვევაში კვლევაში ჩართულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომელიც აფასებს ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობას დადგენილი კითხვარის მეშვეობით. ეს შედეგები იმითაც არის საინტერესო, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ბოლო წლებში ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ზოგჯერ სუბიექტურითაც კი. აქედანაც ჩანს, რომ კვლევა არ ეფუძნება სუბიექტურ გარემოებებს და ადასტურებს საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სწორად და თანმიმდევრულ ხასიათს. 2020 წლის კვლევა იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ გლობალურ საშუალო ქულის ზრდასთან ერთად, საქართველოს შეფასება გაუმჯობესებულია ორივე ძირითად კომპონენტში, როგორც ბიუჯეტის ზედამხედველობის, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებითაც“ – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, მომავალ კვლევაში ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი წინსვლაა მოსალოდნელი, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმის მიმართულებით, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტების დანერგვის კუთხით.

„2020 წლიდან უკვე ამუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის პორტალიც და რომლის შედეგებიც ღია ბიუჯეტის 2019 წლის კვლევაში, ბუნებრივია, ჯერ არ არის ასახული. ცნობისათვის ეს არის ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ჩართულობის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს გაეცნოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის ძირითად პრიორიტეტებს, სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამებს და დაგეგმოს ბიუჯეტი საკუთარი შეხედულებების შესაბამისად“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

Share