Home » საზოგადოება » გიორგი რამიშვილი: ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, გვჯერა ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალის

გიორგი რამიშვილი: ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, გვჯერა ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალის

სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დანიის საინვესტიციო ფონდიდან (Danish SDG Investment Fund) სასტუმრო ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად 15 მლნ ევროს მოზიდვაზე აცხადებს.

“ფონდმა ვალდებულება აიღო გამოყოს 15 მლნ ევრო ჩვენი ახალი პროექტისთვის, რომელიც გულისხმობს თბილისის გულში ყოფილი ტელეგრაფის უნიკალური შენობის რეკონსტრუქციას.

ჩვენ 2007 წელს დავიწყეთ საქართველოში სასტუმრო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ინდუსტრიაში ინვესტირება. ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო და ის დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და აგვისტოს ომს. მიუხედავად ამისა, ჩვენი პროექტები წარმატებული აღმოჩნდა.

ახლაც ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს. ჩვენ გვჯერა საქართველოში ტურიზმის და გართობის ინდუსტრიის პოტენციალის და მადლობელი ვართ IFU-სი ზოგადად საქართველოს ეკონომიკის და კერძოდ ჩვენი კომპანიის და ამ პროექტის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის ამ ურთულეს დროს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნიშანია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის,“ – აცხადებს გიორგი რამიშვილი.

IFU’s გენერალური დირექტორი ტორბენ ჰუსის თქმით, ფონდი მოუთმენლად ელოდება ამ ღირსშესანიშნავი შენობის გადაქცევას მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ თანამედროვე სასტუმროდ, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და შეიტანს წვლილს საქართველოში ტურიზმის და ბიზნესის შემდგომ განვითარებაში.

ტელეგრაფის შენობა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და თბილისში საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

სასტუმრო 220-ნომრიანი იქნება და ის 350 სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტის საბოლოო ვარიანტი ითვალისწინებს პირველ სართულზე საკვები ობიექტების, სახურავზე კი ტერასის მოწყობას. გათვალისიწნებულია ასევე საკმაოდ მოცულობითი შიდა ეზოს რეკონსტრუქცია საკონფერენციო და საბანკეტო ობიექტების განსათავსებლად.

რეკონსტრუქცია ჩატარდება „მწვანე არქიტექტურის“ ეკოლოგიური ოქროს სტანდარტის (LEED Gold standard) დაცვით. აღსანიშნავია, რომ ტელეგრაფის შენობა იქნება პირველი კავკასიის რეგიონში, რომელიც რეკონსტრუქციას აღნიშნული სტანდარტით განახორციელებს.

Share