Home » საზოგადოება » გიორგი ლილუაშვილი: მაჟორიტარებმა ძაღლის ყბა გამოვიბით და ვითხოვთ, რომ გაზიფიცირების ფონდი გაიზარდოს
გიორგი ლილუაშვილი: მაჟორიტარებმა ძაღლის ყბა გამოვიბით და ვითხოვთ, რომ გაზიფიცირების ფონდი გაიზარდოს

გიორგი ლილუაშვილი: მაჟორიტარებმა ძაღლის ყბა გამოვიბით და ვითხოვთ, რომ გაზიფიცირების ფონდი გაიზარდოს

მაჟორიტარი დეპუტატები ფინანსთა სამინისტროს გაზიფიცირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის გაზრდას სთხოვენ.

 

აღნიშნული საკითხი უმრავლესობის წევრმა მაჟორიტარებმა ირაკლი შიოლაშვილმა და გიორგი ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძესთან დასვეს.

როგორც სესიაზე ითქვა, გაზაფხულზე, ბიუჯეტში ცვლილებების გახორციელება იგეგმება. მაჟორიტარების თხოვნაა, გამოთავისუფლებული თანხები გაზიფიცირების მიმართულებით წარიმართოს.

”როდესაც ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი იყო, ჩვენ დავსვით საკითხი გაზიფიცირების პრობლემებთან დაკავშირებით. წლევანდელ ბიუჯეტეში მხოლოდ 20 მილიონია ჩადებული, რისი დახარჯვაც ენერგეტიკის სამინისტროს შეუძლია და რაც საკმაოდ ცოტაა. კერძოდ, დედოფლისწყაროში, რომლის მაჟორიტარიც მე ვარ, გაზიფიცირების გარეშეა ექვსი სოფელი. იმის ალტერნატივაც არ არის, რომ ადამიანმა ბილეთი აიღოს, წავიდეს და შეშა მოჭრას, რადგან ტყე-პარკი ფიზიკურად არ არსებობს. ასევე პრობლემაა სინაღნაღის რაიონის დარჩენილ სოფლებში, სადაც ფიზიკურად არ არის ტყის მასივები, რომ მოსახლეობამ გამოიყენოს. ჩემი თხოვნაა, იქნებ მოვიძიოთ რაიმე სახის რესურსი, რადგან როცა მაჟორიტარები ენერგეტიკის სამინისტროს მივმართავთ, გვეუბნებიან, რომ ფიზიკურად შებოჭილი არიან და არ არის საშუალება”, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე სესიაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა. ლილუაშვილის შეფასებით, გაზიფიცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია.

”ჩვენ ბიუჯეტის დამტკიცებისას გვქონდა ზეპირსიტყვიერი მოლაპარაკება, რომ ეკონომიის შედეგად დარჩენილი ფულის რაღაც ნაწილი გაზიფიცირების პროექტებში წარიმართებოდა. აღარ დავიწყებ იმ ფაქტორების ჩამოთვლას, რის გამოც მაჟორიტარებმა ძაღლის ყბა გამოვიბით და ვითხოვთ, რომ გაზიფიცირების ფონდი გაიზარდოს. თუ შარშან ”სოკარს” ბიუჯეტი ჰქონდა 60-მილიონი, წელს აქვს 35 მილიონი. ჩვენ იგივე ნიშნულზე დავტოვეთ – იყო 20.5-მილიონი და არის 20.5-მილიონი წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაზიფიცირების ტემპები ისეთი ვერ იქნება, როგორც წინა წელს იყო. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონებში, სოფლებში მცხოვრებელი ადამიანებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივ რესურსებზე წვდომა აქვთ შეზღუდული, ეს შიდა მიგრაციული პროცესის – რეგიონიდან ქალაქისაკენ – ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რაც არის დამღუპველი ტენდენცია რეგიონებისთვის, სოფლებისთვის. გთხოვთ ყველა მაჟორიტარის სახელით, როცა ეკონომიების შედეგად ბიუჯეტის ცვლილება შემოვა გაზაფხულზე, ეს საკითხი გავითვალისწნოთ”, – მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი ლილუაშვილმა.

თავის მხრივ, კაკაურიძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე საბიუჯეტო აქტივობები დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება. მისივე თქმით, როცა ეკონომია იქნება სახეზე, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მსჯელობა, თუ რომელი მიმართულებით შეიძლება გადანაწილდეს თანხები.

Share