Home » საზოგადოება » გიორგი გახარია – ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს

გიორგი გახარია – ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს

ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, რის გამოც მთავრობამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას განახორციელებს.

მისივე თქმით, საბოლოოდ, ფერმერებისთვის ეს ფასი არანაკლებ 22 თეთრისა იქნება.

„მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში, ჩვენ სექტორულად ვეხმარებით სხვადასხვა დარგს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს.

ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის და მოგეხსენებათ, რომ მთავრობა წელსყურძნის შესყიდვას ასუბსიდირებს. შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა.

ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ, ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა.

ყველა ის კომპანია,  რომელიც სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით შექმნილ შემსყიდველ შტაბში ჩაერთვება, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებით 10 თეთრის ოდენობით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.

ამიტომ, აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share