Home » საზოგადოება » გიორგი გახარია – სურგულაძეს წასვლა უნდოდა, ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს

გიორგი გახარია – სურგულაძეს წასვლა უნდოდა, ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან პირადი გადაწყვეტილებით მიდის.

„საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი, როგორც ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის, გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული ქვეყნის ეკონომიკისთვის რეფორმა. სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მას ჰკითხეთ, სერიოზულია თუ არა. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე. ადამიანმა თქვა, მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“ ,- განაცხად გახარიამ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოში თავისი მისია ამოწურა. ლევან სურგულაძე სამომავლო გეგმების შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე ის სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა.

Share