Home » საზოგადოება » გივი ბახტაძე – ახალი თბოელექტროსადგური საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს შეამცირებს

გივი ბახტაძე – ახალი თბოელექტროსადგური საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს შეამცირებს

ახალი თბოელექტროსადგური მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში და შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიას, – ამის შესახებ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გივი ბახტაძემ განაცხადა გარდაბანში, „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ს გახსნის ცერემონიაზე.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ენერგეტიკისთვის, განსაკუთრებით კი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის. დასრულდა და ექსპლუატაციაში შედის 230-მეგავატიანი, კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური. ახალი თბოელექტროსადგური რიგით მეორე ელექტროსადგურია, რომელიც კორპორაციის დივერსიფიკაციის სტრატეგიის ფარგლებში აშენდა. ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიას საქართველოში. ამ პროექტში 190 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თავისი სახსრებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მშენებლობის დროს 450 ადგილობრივი იყო დასაქმებული, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი, 200-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი იქნება“, – აღნიშნა კორპორაციის ხელმძღვანელმა.

ბახტაძის ინფორმაციით, სადგური წელიწადში 1.3 მილიარდი კვტ.სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც ყოველწლიური მოხმარების დაახლოებით 11 პროცენტია.

„თბოელექტროსადგური აღჭურვილია ორი თანამედროვე გაზოტურბინით და ერთი ორთქლის ტურბინით, რომლის ეფექტიანობა 55 პროცენტია. შედარებისთვის, ერთი კილოვატ/საათის გამომუშავებისთვის ორჯერ ნაკლები გაზი სჭირდება, ვიდრე ძველ ელექტროსადგურებს“, – დასძინა ბახტაძემ.

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა.

Share