Home » ფინანსები » გია პეტრიაშვილი – მიკროსაფინანსო სექტორს ეროვნული ბანკის დახმარება სჭირდება

გია პეტრიაშვილი – მიკროსაფინანსო სექტორს ეროვნული ბანკის დახმარება სჭირდება

მიკროსაფინანსო სექტორი ეროვნული ბანკისგან ფულის გაიაფების მექანიზმებს ითხოვს, რათა სექტორმა ახალ რეალობაში სესხების გაცემა გააგრძელოს. შესაბამის მაგალითს დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები უკვე იძლევიან, – ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრობიზნეს კაპიტალის“ დამფუძნებელმა, გია პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორინავირუსის პანდემიის ფონზე მიკროსაფინანსო სექტორში შექმნილი გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

გადაცემის მსვლეობისას აღინიშნა, რომ ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა პრობლემები მიკროსაფინანსო სექტორსაც შეუქმნა, რომელიც მართალია თანხობრივად საბანკო კაპიტალის მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენს, მაგრამ კლიენტურის კუთხით ყველაზე მოწყვლად და დივერსიფიცირებულ სექტორს ემსახურება, როგორიცაა მიკრო და მცირე ბიზნესი.

პეტრიაშვილის განმარტებით, მისმა ორგანიზაციამ მსესხებლებს კრედიტები სამი თვით გადაუვადა და ზოგადად მზადაა, გააგრძელოს ეკონომიკის დაფინანსება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა მკვეთრად დაეცა [„მიკრობიზნეს კაპიტალის“ შემთხვევაში კრიზისამდე არსებული მოთხოვნის 15-20 პროცენტამდე შემცირდა] და სწრაფად აღდგენა მოსალოდნელი არ არის, არსებული სესხების თითქმის ორი-მესამედის დაფარვა კი გადავადდა, სექტორს ეროვნული ბანკის დახმარების გარეშე ფუნქციონირება გაუჭირდება

„ჩვენ პრაქტიკულად ჩვენი კლიენტურის 60-მა პროცენტმა მოგვმართა და ჩვენ უკლებლივ ყველას დავუკმაყოფილეთ განაცხადი და სამი თვით გადავუვადეთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ ხალხს დახმარება სჭირდება და ამ ფორმით გავაგრძელებთ დახმარებას. კარგად გვესმის, რომ ვისაც ჯერ არ მოუმართავს, მომავალში მოგვმართავენ და ისინიც დადებით პასუხს მიიღებენ, თუმცა ჩვენც ჩვენი მხრიდან ველოდებით გარკვეულ მხარდაჭერას. ეს მხარდაჭერა უნდა აღმოგვიჩინოს პირველ რიგში ეროვნულმა ბანკმა, რომლისგანაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და მოგვაწვდის ლიკვიდურ სახსრებს. რაღაც სხვა მექანიზმებით შექმნის ფულის გაიაფების საშუალებას, რადგან დღეს მიკროსაფინანსო სექტორს ორი მნიშვნელოვანი პრობლემა უდგას. ეს არის რესურსის ფასი, რაც საშუალებას მისცემს რომ შედარებით იაფი სესხები გასცეს და მეორე – ეს არის ლიკვიდური სახსრების დეფიციტი. იმის გამო, რომ სესხების გადავადება მოხდა, აღარ ხდება თანხების შემოდინება კომპანიაში და თუ ასე ძალიან დიდხანს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს შექმნის გარკვეულ დეფიციტს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი რჩევით, კარგი იქნება თუ საქართველოს ცენტრალური ბანკი დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მაგალითს მიბაძავს.

„ჩვენ შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ წამყვანი ქვეყნებისგან, როგორიც არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ის ცენტრალურმა ბაკმა, რომელიც ფედერალური სარეზერვო სისტემის სახელით არის ცნობილი, უკვე დაანონსა, რომ პირდაპირ დაიწყო კომერციულ ორგანიზაციებზე სესხების გაცემა მათი ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით. ასევე დაიწყეს მეორად ბაზარზე ფასიანი ქაღალდების ობლიგაციების შესყიდვა. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ბანკში შევათანხმეთ და დავამტკიცეთ 15 მილიონი ლარის ობლიგაციების ემისიის პროსპექტი და ამის რეალიზაციაში ან რაღაც მექანიზმების შექმნაში მხარდაჭერა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დახმარების მეთოდები ცნობილია“, – განუცხადა გია პეტრიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

„ბიზნესპარტნიორი“

Share