Home » საზოგადოება » გზა ეკონომიკური სიდუხჭირიდან სუიციდამდე
გზა ეკონომიკური სიდუხჭირიდან სუიციდამდე

გზა ეკონომიკური სიდუხჭირიდან სუიციდამდე

წელიწადში, დაახლოებით, 40 000 ადამიანი იკლავს თავს უმუშევრობის გამო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანი ჩადის  სუიციდს,  რაც  ნიშნავს  იმას, რომ  წელიწადში  ყოველი 100 000 ადამიანიდან 16 სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ან ყოველ 40 წამში 1 ადამიანი თავს იკლავს. სუიციდი სიკვდილის მიზეზთა პირველ ათეულში სახელდება. მისი გამომწვევი მიზეზი შეძლება იყოს ბიოლოგიური ან სოციალური ფაქტორი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: დეპესია, დანაშაულის განცდა, სირცხვილის გრძნობა, ფინანსური პრობლემები, ემოციური გადატვირთვა, ოჯახური მდგომარეობა და სხვა.

თვითმკვლელობა არის მოვლენა, რომლის ჩადენა ძალიან ძნელია და, ძირითადად,  იგი არ ხდებასპონტანური გადაწყვეტილებით. ამ მდგომარეობამდე ადამიანი მიდის ხანგრძლივი სჯა-ბაასის შედეგად. შესაბამისად წინასწარვე მინდა ვთქვა, რომ ამ კომპლექსური საკითხის მონოფაქტორული ახსნა საღი აზრისგან შორსაა, თუმცა ინდივიდის გარშემო არსებული ეკონომიკური ამინდი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ძალა იყოს ადამიანის თვითმკვლელობამდე ერთი ნაბიჯით მიახლოებისთვის.

Dr. Carlos Nordt-მა (ციურიხის უნივერსიტეტი) ჩაატარა კვლევა, რომელიც მოიცავს 63 ქვეყანას მსოფლიოს ოთხივე რეგიონიდან. მან ორ პერიოდად დაყო კვლევა: 2000-2007 – სტაბილური პერიოდი და 2008-2011 კრიზისის პერიოდი. შეადარა ერთმანეთს უმუშევრობისა და სუიციდის დონე და აღმოჩნდა, რომ უმუშევრობისგან გამოწვეული სუიციდის შემთხვევები კრიზისის პერიოდში გაიზარდა 20-30%-ით. შედეგები ცხადყოფდა, რომ მათ მიერ აღებულ ქვეყნებში ჯამში ყოველწლიურად 233 000 თვითმკვლელობიდან 45 000 უმუშევრობით იყო გამოწვეული. თუ, მაგალითად, 2007 წელს უმუშევრობასთან ასოცირებული თვითმკვლელობა 41 148 დაფიქსირდა, 2009 წელს ეს რიცხვი 46 131-მდე გაიზარდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ 2008 წლის კრიზისმა მოგვცა ეს ცვლილება.

თავად უმუშევრობის დონე პირდაპირკავშირშია ეკონომიკურ ბუმსა და რეცესიასთან. უმუშევრობის დონის ზრდას იწვევს ბიზნესებისთვის შემოსავლების შემცირებას, რის შემდგომაც დასაქმებულთა გარკვეული ნაწილი „ქამრების შემოჭერას“ ეწირება და რჩება უმუშევარი. ბიზნესებსთვის შემოსავლების შემცირება კი ეკონომიკური რეცესიაა, ხოლო, როდესაც აგრეგირებული მოთხოვნა მაღალია და ბიზნესების რეალიზაცია იზრდება, დამატებითი მუშახელიც საჭიროა და უმუშევრობის დონე იკლებს.

უმუშევრობის ზრდა ყველაზე დიდი ნეგატიური შედეგია ეკონომიკური რეცესიისა. თუ რეცესიის შედეგად გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს, რომლებიც სუიციდის გამომწვევად შეიძლება ჩავთვალოთ, ჩავშლით კატეგორიების მიხედვით დავინახავთ, რომ უმუშევრობის დონე ყველაზე მეტი წონის მინიჭებას იმსახურებს. ზოგადად კი, სუიციდის განხორციელების განმაპირობებელ ფაქტორებში ეკონომიკური კრიზისი და მის შემდგომი პიროვნული უსიამოვნებები შეიძლება შევადაროთ აისბერგის ხილულ ნაწილს. თუ გავიხსენებთ დიურკემის თეორიას, ვნახავთ, რომ ეკონომიკური ფაქტორები ერთ-ერთია სხვა ცვლადებს შორის, რომელთაც პიროვნება თვითმკვლელობამდე მიჰყავთ. ესენია: ეგოისტური, ანომიური, ალტრუისტული, ფატალისტური და ფარული სუიციდი. სწორედ ანომიური სუიციდი მიეკუთვნება ეკონომიკური მიზეზებით განხორციელებულ თვითმკვლელობათა კატეგორიას.

თითოეული ადამიანის თვითმკვლელობამდე მისვლის რეალური მიზეზის დასადგენად მათი   დაბადებიდან გარდაცვალებამდე შესწავლაა საჭირო, რაც არარეალურია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, დავაკვირდეთ მოვლენებს. თუ სუიციდის დონე იმატებს, უნდა დავფიქრდეთ თუ რა მოხდა ისეთი მასშტაბური, რომ მოცემული სტატისტიკა იცვლება. სწორედ ასე მოხდა 2008 წლის კრიზისის შედეგად. რაოდენ დიდი ეჭვიც არ უნდა გამოვთქვათ იმის მიმართ, რომ ეკონომიკური რეცესია სუიციდის დონეს ზრდის, სტატისტიკა ჯიუტია. როგორც ვხედავთ, ისეთი მასშტაბური ეკონომიკური ძვრები, როგორიც 2008 წელს იყო, ადამიანის თვითმკვლელობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობა და არასტაბილური შემოსავალი ძნელი გადასატანია მოსახლეობისთვის, რომელთათვისაც უმუშევრობის პირობებში სარჩოს მოპოვების ალტერნატიული გზები უცხოა.

გიორგი ლობჟანიძე

 

 

Share