Home » მსოფლიო » გერმანიაში მოქალაქეებს ევროკავშირის სიმბოლოებისა და სხვა სახელმწიფოთა დროშების შეურაცხყოფისთვის გაასამართლებენ

გერმანიაში მოქალაქეებს ევროკავშირის სიმბოლოებისა და სხვა სახელმწიფოთა დროშების შეურაცხყოფისთვის გაასამართლებენ

გერმანიაში ევროკავშირის სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის გაასამართლებენ. ამის შესახებ „დე24“ იუწყება.

გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ევროკავშირის სიმბოლოებისა და სხვა სახელმწიფოების დროშების შეურაცხყოფის გამო მოქალაქე შესაძლოა, სამი წლით ციხეშიც კი მოხვდეს.

კანონის მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბერლინში ერთ-ერთ დემონსტრაციაზე მომიტინგეებმა ისრაელის დროშები დაწვეს.

„არ შეიძლება, რომ გერმანიაში ისრაელის დროშები იწვოდეს“, – განაცხადა ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანელმა დეპუტატმა, იოჰანეს ფეხნერმა.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონის მიღებამდე გერმანიაში მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფა ისჯებოდა. თეორიულად მოქალაქე შეიძლებოდა დასჯილიყო სხვა ქვეყნების სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში. კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, დემონსტრანტებს დროშების დაწვა საერთოდ აუკრძალეს.

„საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დროშების დაწვას არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან. ასეთი ქმედებები მხოლოდ სიძულვილსა და აგრესიას აღვივებს“, – განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა.

კანონის ახალი რედაქციის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. როგორც პარტიის წევრები მიიჩნევენ, უცხო ქვეყნის დროშების შეურაცხყოფის აკრძალვა „აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ზედმეტად ჩარევაა“.

1tv.ge

Share