Home » საზოგადოება » გახარია – ისე ვითარდება სიტუაცია, რომ იქნება სოციალური დახმარების IV და შესაძლებელია, V ეტაპიც

გახარია – ისე ვითარდება სიტუაცია, რომ იქნება სოციალური დახმარების IV და შესაძლებელია, V ეტაპიც

ერთხელ მახსოვს პარლამენტში დებატებისას ოპოზიციის წარმომადგენელმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და თქვენ ეს უნდა გააგრძელოთო, დაეხმაროთო. ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ-მეთქი და ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ გავიხსენებ მეთქი და ვიხსენებ ახლა ამ მომენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თავდაპირველად ითქვა, რომ საქართველოს მთავრობის დახმარება იქნება ეტაპობრივი და სამართლიანი.

„ეს არის მე-3 ეტაპი. მერწმუნეთ, სამწუხაროდ ისე ვითარდება სიტუაცია, რომ იქნება მე-4 ეტაპიც და შესაძლებელია, იყოს მე-5-ც და რა ვქნათ, ვიღაცის კრიტიკის გამო ჩვენი მოქალაქეები მივატოვოთ ეკონომიკურ კრიზისში, თავიანთი პრობლემების წინაშე მარტო? – არა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, 300-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ.

„კომუნალური დახმარების ნაწილში ეს არის დაახლოებით 200 მლნ ლარი, ბავშვების დახმარების ნაწილში, დაახლოებით 170 მლნ ლარი. სიმართლეს ხომ აქვს რაღაც ფასი.

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ძირითადი დარტყმები, კრიტიკა მოდიოდა, თუ თვითდასაქმებული ადამიანები როგორ დაადასტურებდნენ თავიანთ საქმიანობას.

თქვენ ისეთი მკაცრი წესები დააწესეთ, რომ დიდი რაოდენობის ადამიანები განაცხადს აკეთებენ და დახმარებას ვერ იღებენო. სინამდვილეში, მართლაც 250 000 განაცხადია გაკეთებული ერთჯერად დახმარებაზე 300-ლარიანზე, რომელიც ეკუთვნით თვითდასაქმებულებს.

აქედან ნორმალური დასაბუთება დოკუმენტაციის თვალსაზრისით ჰქონდა 170 000 ადამიანს და რა თქმა უნდა, მათ ეს დახმარება მიიღეს. ეს 80 000 ადამიანი, რომელმაც ნაწილობრივ დაასაბუთა, მაგრამ იდეალური არ იყო ეს დოკუმენტაცია, სწორედ ის ხალხია, რომელთაც ეს დასაბუთება უჭირდათ.

დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ვხურავთ ამ პროგრამას და იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება ამ 80 000 მოქალაქესაც ვუნაზღაურებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share