Home » ფინანსები » გარიგება არ შედგა – „კრისტალი“ „ფინკა ბანკს“ აღარ ყიდულობს

გარიგება არ შედგა – „კრისტალი“ „ფინკა ბანკს“ აღარ ყიდულობს

კრისტალი ფინკა ბანკს აღარ ყიდულობს. ის, რომ გარიგება აღარ შედგება „კომერსანტს“ ფინკა ბანკში დაუდასტურეს. როგორც საფინანსო ინსტიტუტში განმარტავენ, მოლაპარაკებები „ფინკა ბანკი საქართველოსა“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით არ გაგრძელდება. „კოვიდ19 კრიზისის კონტექსტში მხარეთა შორის ვერ შედგა საბოლოო შეთანხმება. „ფინკა ბანკი საქართველო“ გააგრძელებს ოპერირებას ქვეყანაში როგორც FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის ნაწილი.

ფინკა ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის FINCA Impact Finance წარმომადგენელია საქართველოში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ქვეყანაში, ჰყავს საერთაშორისო აქციონერები და პარტნიორები, რაც უზრუნველყოფს საქართველოში ბანკის 20 წლიან წარმატებულ და სტაბილურ საქმიანობას“-აცხადებენ „ფინკა ბანკი საქართველოში“ 

როგორც ცნობილია, ორ საფინანსო ინსტიტუტს შორის გარიგება მიმდინარე წლის თებერვალში დაანონსდა. მაშინ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე არჩილ ბაკურაძე არც გარიგების ღირებულებას და არც სხვა დეტალებს არ აკონკრეტებდა, თუმცა, განმარტავდა, რომ სურვილი იყო მომხდარიყო გამსხვილება და ამ პროცესს მხარს უჭერდნენ  „კრისტალის“ როგორც ევროპელი ისე ამერიკელი ინვესტორები. 

2020 წლის თებერველაში საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საფინანსო ინსტიტუტების გაერთიანების პროცესს მიესალმებოდა და მიიჩნევდა, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციებმა ამ მოვლენას უფრო მეტად შეუწყო ხელი. გარდა ამისა, მისი შეფასებით, ფინანსური ინსტიტუტების გამსხვილების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდებოდა.

„ფინკა ბანკის“ და „კრისტალის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ ის ინფორმაციაა, რაც მედიაში გავრცელდა, დეტალები უცნობია. რაც შეეხება ზოგადად,საფინანსო ინსტიტუტების გამსხვილებას, ეს მოსალოდნელი იყო და აქტიური პროცესების დაწყებაც გარდაუვალია. განვითარების ერთ-ერთი ეტაპია ის, რომ საფინანსო ინსტიტუტებს გამსხვილება დაეწყოთ. პროცესი შესაძლოა გარკვეულმა რეგულაციებმა დააჩქარა, რომელიც საფინანსო სექტორში შემოვიდა და ამან მაქსიმალურად ხელი შეუწყო, რომ უფრო დაჩქარებული ტემპით დაიწყოს და მიმდინარეობდეს საფინანსო ბაზრის გაერთიანება. ფინანსური ინსტიტუტების გამსხვილების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება, ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. ახლა კერძო ლომბარდების და სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაციაც მიმდინარეობს, იქაც რა თქმა უნდა მოლოდინი არის, რომ უფრო მეტად იქნებიან გამსხვილებისკენ ორიენტირებულნი. ასეთი ტენდენცია საფინანსო სექტორს ადრეც ჰქონდა, რადგან როდესაც რაღაც ზომას აღწევს ესა თუ ის ბიზნეს სექტორი ცალსახად მიმდინარეობს გამსხვილების ტენდენცია. მიმაჩნია, რომ მსგავსი ფაქტი ბაზარზე მხოლოდ 2-3 მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის დარჩენას და მათ დომინანტობას არ გამოიწვევს“, – აცხადებდა ალექსანდრე ძნელაძე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი“ 1995 წელს დაფუძნდა. 1998 წლის აგვისტოდან კი მიკრო დაკრედიტების საპილოტო პროგარამა წამოიწყო. დღეისათვის, ის საქართველოს მასშტაბით 331 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს მართავს, 50 ფილიალით ოპერირებს და 100 000- ზე მეტ კლიენტს ემსახურება.

სააქციო საზოგადოება „ფინკა ბანკი საქართველო“ FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელია საქართველოში. ფინკამ საქართველოში ოპერირება 1998 წელს დაიწყო და 2013 წლის 6 აგვისტომდე საქმიანობდა, როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტი. 2013 წლის 6 აგვისტოს ინსტიტუტმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მიიღო საბანკო საქმიანობის ლიცენზია. ბანკი დღეისათვის 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება ქვეყნის ყველა რეგიონში.

ექსპერტები აცხადებდნენ, რომ  „კრისტალის“ საბანკო ბაზარზე შესვლისა და „ფინკასთან“ გაერთიანების შემდეგ, ბაზარს კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე შეემატებოდა. შერწყმის შემდეგ, ახალი საფინანსო ორგანიზაციის აქტივების მოცულობა 650 მილიონ ლარამდე იქნებოდა, რითაც, ახალი ბანკი აქტივების მიხედვით, ტოპ-10 ბანკს შორის მე-10 პოზიციას დაიკავებდა.

COMMERSANT.GE

Share