Home » ბიზნესი » გამოწვევების კვალდაკვალ, 2019 წელი ბიზნესისათვის წარმატებული იყო

გამოწვევების კვალდაკვალ, 2019 წელი ბიზნესისათვის წარმატებული იყო

გაზრდილი ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება და ხელფასები – ბიზნესი 2019 წელს

2019 წელი ბიზნესისათვის, ისევე როგორც გასული წინა წლები, გამოწვევებით სავსე იყო. პერმანენტული საპროტესტო აქციები, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, რიგ სექტორებში, მაგალითად საბანკო სექტორი, თამაშის ახალი წესების დამკვიდრების და სხვა ეგზოგენური თუ შიდა ფაქტორები გარკვეულ დაღს ასმევდა ბიზნესსექტორის მუშაობასა და ზოგადად ბიზნესგარემოს საქართველოში.

ქვეყანაში, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა არსებობდეს სტაბილური გარემო, იქნება ეს პოლიტიკური კუთხით თუ ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით. განვითარების გზა გადის სტაბილურ, განჭვრეტად და სწორად შემუშავებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მიუხედავად რთული წლისა, საინტერესოა თუ როგორ შეიცვალა 2019 წელს ბიზნეს სექტორის მაჩვენებლები სხვადასხვა ასპექტით.

წლის სრულად შეჯამებისთვის საჭიროა საბოლოო ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც სრულ სურათს დაგვანახებს ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით, თუმცა უკვე არსებული სამი კვარტლის მონაცემების გაანალიზება დაახლოებით შთაბეჭდილებას შეგვიქმნის ბიზნესში არსებული კონიუნქტურის შესახებ.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა და 29 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს ნიშნული ბოლო წლების მანძილზე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით უმაღლესია.

შედარებისთვის, 2015 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 15.1 მილიარდი ლარი შეადგინა, 2016 წელს 17.4 მილიარდი ლარი, 2017 წელს 21.1 მილიარდი ლარი, ხოლო გასულ, 2018 წელს კი 25.8 მილიარდი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დაფიქსირებულ ჯამურ მონაცემს, 2019 წლის სამ კვარტალში დაფიქსირებული მონაცემები უკვე აღემატება.

2019 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 38.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 24.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 8.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.5 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 11.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება:

ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 12.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 19.8 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წელს დაფიქსირებული ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი, ბოლო წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის გაზრდის მსგავსად, ყველაზე მაღალია.

ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლები საწარმოთა ზომების მიხედვით

ქართულ რეალობაში, იქნება ეს სამთავრობო თუ ანალიტიკურ-ექსპერტულ წრეებში, მუდმივად მიმდინარეობს საუბრები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებების განვითარება პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის მოსახლეობის იმ სეგმენტზე, რომლებიც დღეს არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლს ვერ გრძნობენ.

2019 წლის სამი კვარტლის მონაცემების დინამიკის მიხედვით, მთლიანი ბრუნვის უდიდესი პროცენტული მაჩვენებელი კვლავ მსხვილ ბიზნესზე მოდის. არაფერია ცუდი იმაში, რომ ქვეყანაში მსხვილი ბიზნესი არსებობს და წლიდან წლამდე ვითარდება, თუმცა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფი განვითარების ტემპი აუცილებელია მოსახლეობის ფართო ფენების ფინანსური მდგომარეობის გააუმჯობესებლად.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 51.9 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.9 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 28.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 38.2 პროცენტი, საშუალოზე – 23.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 38.1 პროცენტი.

2019 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.5 პროცენტი) და მშენებლობა (20.8 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (16.9 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.2 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.6 პროცენტიანი წილი უჭირავს

დასაქმება და ხელფასები ბიზნესის ზომების მიხედვით

ყველაზე დიდი საზომი ქვეყნაში არსებულ სოციალურ ფონთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში არსებული დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობა და მათი ხელფასებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.2 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

რეგიონების მიხედვით დასქმების მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 64.1 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი, იმერეთი – 6.8 პროცენტი,ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.

2019 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 316.2 ლარს გაუტოლდა. გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 129.5 ლარით. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 979.8 ლარი, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 87.2 ლარით.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 281.1 ლარი,  საშუალო ბიზნესი – 1 463.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 260.2 ლარი.

მართალია, როგორც უკვე აღინიშნა, მიმდინარე წელი არ იყო იოლი ბიზნესისათვის მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე რაც წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში, თუმცა დაფიქსირებული ტენდენციები საკმაოდ კარგი და სასიხარულოა. ბიზნესი მაინც ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რასაც მთავრობამაც და საზოგადოებამაც ხელი უნდა შეუწყოს. განვითარებული ბიზნესი და განვითარებული ბიზნეს გარემო ნიშნავს განვითარებულ ქვეყანას.

სანდრო პირველი

Share