Home » ახალი ამბები » „გაიმართა ვიდეოკონფერენცია​, სადაც ჩინელმა ექიმებმა ქართველი კოლეგების მოქმედება დადებითად შეაფასეს“

„გაიმართა ვიდეოკონფერენცია​, სადაც ჩინელმა ექიმებმა ქართველი კოლეგების მოქმედება დადებითად შეაფასეს“

გაიმართა ვიდეოკონფერენცია, სადაც ჩინელმა ექიმებმა ქართველ სამედიცინო პერსონალს კორონავირუსზე გამოცდილება გაუზიარეს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პირდაპირი ტელეხიდი ჩინეთთან ძალიან სერიოზული და სასარგებლო ღონისძიება იყო.

„ორმა პროფესორმა თავიანთი გამოცდილება გაგვაცნო. ერთი იყო ეპიდემიოლოგი და გვესაუბრა ეპიდსაწინააღმდეგო ზომებსა და პრევენციის ღონისძიებებზე. მეორე ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო – ჩინეთის ერთ-ერთმა წამყვანმა კლინიცისტმა, რომელმაც უზარმაზარი მასალის, 80 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, დიაგნოსტიკისა და ოპტიმალური მართვის შესახებ ისაუბრა, დეტალურად გაგვაცნო ყველა საკითხი. ასევე, ჩვენ გავაცანით დეტალურად, რას ვაკეთებთ კორონავირუსთან მიმართებით. მათგან მივიღეთ პასუხი, რომ იმ ფარგლებში, რომ ჩვენთან სულ სამი პაციენტია, ყველა ჩვენი მოქმედება არის სწორი. ხოლო, თუკი პაციენტების რაოდენობა მოიმატებს ან ისინი დამძიმდებიან, მივიღეთ პირველი წყაროდან, ჩინეთიდან ყველანაირი ვარიანტი და გეგმა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ.

ჩინურ მხარესთან შევთანხმდით, რომ მომავალშიც გვექნება ასეთი ტელეხიდები და ეს ძალიან ღირებულია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Share