Home » ეკონომიკა » გაზის სამხრეთის კორიდორი და საქართველო

გაზის სამხრეთის კორიდორი და საქართველო

ეკონომისტებისა და პოლიტოკოსთა აბსოლუტურიუმრავლესობა თანხმდება, რომ „გაზის სამხრეთის დერეფნის“ შემადგენელი ტრანსანატოლიის გაზსადენი TANAP, ერთის მხრივ, აზერბაიჯანს თურქეთის ენერგობაზარზე პოზიციების გამყარებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდაში შეუწყობს ხელს.

TANAP-ის პროექტის ყველა დეტალი, პრეისტორიიდან დაწყებული, მისი ეკონომიკური სარგებლიანობით დამთავრებული, report.ge-ს შეუფასა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ენერგეტიკული რესურსებისა და მილსადენი ტრანსპორტის დარგის სპეციალისტმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ გოჩიტაშვილმა.

ინტერვიუ, თემატიკის მასშტაბურობიდან და მრავალმხრივობიდან გამომდინარე, ვრცელი გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

Report.geბატონო თემურ, მოდით დავიწყოთ ოდნავ შორიდან. მოკლედ დავახასიათოთ TANAP და TAP მილსადენები. ასევე თქვენი შეფასებით, რას აძლევს ეს პროექტები რეგიონს და რა მნიშვნელობა აქვს მათ საქართველოსთვის?

თეიმურაზ გოჩიტაშვილი: ტრანს ადრიატიკული მილსადენის (ტაპ) და ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (ტანაპი) გაზის სამხრეთის კორიდორის შემადგენელი მილსადენებია. როგორც ცნობილია გასული წლის ნოემბერში დასრულდა ტრანს-ანატოლიური გაზსადენის მშენებლობის მე-2 ეტაპი და დაიწყო გაზის სამხრეთის კორიდორის ექსპლუატაცია აზრბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით ევროკავშირის (საბერძნეთის) საზღვრამდე. ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (ტაპ)ბოლო სახმელეთო მონაკვეთის დასრულების შემდეგ იტალიის ტერიტორიაზე, 2021 წლის დასაწყისისათვის, გაზის სამხრეთის კორიდორი ამოქმედდება სრული მასშტაბით და დაიწყება აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროკავშირის ქვეყნებში. გაზის სამხრეთი კორიდორი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული კორიდორის შემადგენელ ნაწილს და ინიცირებულია ევროკავშირის მიერ 2009 წლის ზამთარში, რუსეთის მიერ უკრაინისა და უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების გაუთვალისწინებელი შეწყვეტის შემდეგ.

Report.ge: ვის ინტერესშია ამ პროექტის განხორციელება?

თეიმურაზ გოჩიტაშვილი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული კორიდორის განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისა (და ირანის) გვერდის ავლით აზერბაიჯანული და კასპიისპირა სხვა ქვეყნების ნავთობისა და გაზის მიწოდებას საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე განლაგებული ინფრასტრუქტურით, საფუძველი ჩაეყარა 1998 წლის 29 ოქტომბრის აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთისა და აშშ პრეზიდენტების სტამბოლის სამიტზე. შემდგომში, კერძოდ 1999 წლის 13 აპრილის სტამბოლის პროტოკოლისა და 1999 წლის 18 ნოემბრის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე დაიგეგმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული კორიდორის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო–თბილისი-ერზრუმის (სამხრეთ კავკასიური) გაზსადენის მშენებლობა, რასაც მოყვა შესაბამისი სამთავრობათაშორისო და მასპინძელ ქვეყნებთან შეთანხმებების მომზადება, ხოლო ხანგრძლივი, მრვალრაუნდიანი მოლაპარაკებებისა და გონივრული კომპრომისების საფუძველზე ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ყველა ჩართული მხარისათვის მომგებიანი კომერციული გარიგებების ძირითადი პრინციპები. კერძოდ:

1. აზერბაიჯანს და მისი საბადოების ოპერატორ კონსორციუმ(ებ)ს „ბრიტიშ პეტროლეუმის“ხელმძღვანელობით, გაეხსნა ყველაზე მოკლე,ხელსაყრელი და პრაქტიკულად უალტერნატივომარშრუტი საერთაშორისო ბაზრებისაკენ, კონკურენტი რუსეთისა და ირანის ტერიტორიების გვერდის ავლით,

2. საქართველო ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბაზრებისათვის სტრატეგიული ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვანი სატრანზიტო სტატუსის მქონე ქვეყნად, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი მნიშვნელოვანიგეოპოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტით, რომელიც ათეულობით მილიარდიჯამური შემოსავლის შესაძლებლობას იძლევა,

3. თურქეთი გახდა ენერგეტიკული რესურსებით საერთაშორისო ბაზრების უზრუნველყოფის რეგიონული ცენტრი (ჰაბი) შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლით,

4. ევროკავშირსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს გაუჩნდა ბაზრების დივერსიფიკაციის პერსპექტივა და ენერგეტიკული რესურსების ახალ წყაროებზე წვდომის შესაძლებლობა.

Report.ge: რას გვეტყვით ენერგოუსაფრთხოებაზე? რამდენად ზრდის ევროპის და ამ პროექტის მონაწილე ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას გაზის სამხრეთ კორიდორი?

თეიმურაზ გოჩიტაშვილი: გაზის სამხრეთის კორიდორი ითვალისწინებს დამოუკიდებელი, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე გამავალი მარშრუტების განვითარებას კასპიის რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის ან მისი ტრანსფორმაციის პროდუქტების მიწოდებისათვის. გაზის სამხრეთი კორიდორის ძირითადი დანიშნულებაა ევროპის ენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხოების ამაღლება, მიწოდების ახალი წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის მეშვეობით, პირველ ყოვლისა, ბალკანეთისა და ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე. გარდა ამისა, სამხრეთის კორიდორის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებასა და კონკურენციის გაძლიერებას საერთო ევროპულ ბაზარზე. დღეისათვის გაზის სამხრეთი კორიდორი სამი მილსადენის: საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული „სამხრეთ კავკასიური მილსადენის“(მისი გაფართოების SCPX პროექტის ჩათვლით), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და მშენებარე „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტებისაგან შედგება. იგი გათვალისწინებულია აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის იტალიაში მისაწოდებლად, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. კორიდორის სრულმასშტაბიანი ამოქმედების შემდეგ კასპიის რეგიონიდან დამატებით 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის, შემდგომში კი ჯამურად 31 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდების შესაძლებლობა იქმნება თურქეთსა და ევროპაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანაში: იტალიაში, საბერძნეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში და ბულგარეთში, უკვე არსებული კონტრაქტების საფუძველზე.

Report.ge: ბატონო თემურ, მოდით უშუალოდ TANAP-ზე გადავიდეთ, რა ეტაპზეა ეპროექტი, ვინ განკარგავს ამ მილსადენს და რას ნიშნავს ის ჩვენთვის, საქართველოსთვის?

თეიმურაზ გოჩიტაშვილი: TANAP-ი სამხრეთის გაზის კორიდორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი უერთდება სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს საქართველოს საზღვარზე თურქეთის ქალაქ პოსოფთან და ტრანს-ადრიატიკულ მილსადენს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე. ტრანსანატოლიური მილსადენი შედგება თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული დაახლოებით 1839 კმ სიგრძის მილსადენისგან, მათ შორის: 1345 კმ 1400 მმ დიამეტრის მონაკვეთისგან არდაჰანიდან ესკიშეჰირამდე (თურქეთის კუთვნილი გაზის მიმღებ პუნქტამდე), რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2018 წლის ივნისში და 459 კმ 1200 მმ დიამეტრის მონაკვეთისგან ესკიშეჰირიდან ედრინემდე (მოიცავს 2×17,5 კმ 900 მმ დიამეტრის მონაკვეთებს დარდანელის სრუტის ფსკერზე), რომლის მშენებლობის დასრულების ცერემონია 2019 წლის 30 ნოემბერს აღინიშნა.

პროექტის რეალიზაციის პირველ ეტაპზე აშენდა ორი საკომპრესორო სადგური, საქართველოს საზღვართან და ესკიშეჰირთან, რაც საკმარისია მინიმუმ 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებისათვის. 30,7 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, რაც სავარაუდოდ 2026 წლის შემდეგ გახდება საჭირო, პროექტი ითვალისწინებს დამატებით 5 საკომპრესორო სადგურის მოწყობას. თურქეთის ტერიტორიაზე მოწყობილია, აგრეთვე, გაზის მიმღებ-გამზომი სადგური არდაჰანის პროვინციაში, საქართველოს საზღვართან და გაცემა-აღების 2 სადგური ესკიშეჰირისა (ცენტრალური ანატოლია) და თრაკიის (ქვეყნის ევროპული ნაწილი) პროვინციებში.

ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტის მფლობელი კონსორციუმში წილები ასეა განაწილებული: SOCAR 51%, BOTAS 30%, BP 12%, SOCAR Turkiye Enerji 7%.

ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაიწყო მილსადენით თურქეთისათვის დამატებით გათვალისწინებული გაზის მიწოდება. 2018 წელს შაჰ დენიზის საბადოს მე-2 ფაზის მოპოვებიდან თურქეთის ბაზარს მიეწოდა დამატებითდაახლოებით 1 მლრდ კუბური მეტრი გაზი. 2019 წელს 3 მლრდ, გეგმის მიხედვით 2020 წელს მიეწოდება 4-5 მლრდ, ხოლო 2021 წელს 6 მლრდ კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი. ტანაპთან ერთადგაზის სამხრეთი კორიდორის უშუალოდ ევროკავშირთან დამაკავშირებელი ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP), განლაგებულია საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიებზე და ადრიატიკის ზღვის გავლით უკავშირდება იტალიას. მარშრუტის გაყოლებაზე ტრანსადრიატიკულ მილსადენს მიუერთდება საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონეკტორი (IGB)და იონიან-ადრიატიკის მილსადენი (IAP) გაზის მიწოდებისათვის საბერძნეთ-ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების მიერ დაკონტრაქტებული გაზის მისაღებად. გაზის სამხრეთი კორიდორის იტალიის ტერიტორიაზე განთავსებული TAP-ის ტერმინალი კი არსებული მაგისტრალური მილსადენების ქსელით დაკავშირებულია ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან და საშუალებას იძლევა აზერბაიჯანული გაზი მიეწოდოს ამ რეგიონის ნებისმიერი ქვეყნის ბაზარს. არსებული კონტრაქტების საფუძველზე თურქული ბოტაში (Botas) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების 9 კომპანია: Shell Energy Europe (დიდი ბრიტანეთი), Hera Trading (ჰოლანდია), Uniper (გერმანია), AXPO (შვეიცარია), Engie, Enel, Edison (იტალია), Depa (საბერძნეთი) და Bulgargaz (ბულგარეთი) არაუგვიანეს 2021 წლიდან დაიწყებენ 16 მლრდ კუბურ მეტრამდე აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს გაზის მიღებას, მათ შორისევროპის ბაზრებისთვის განკუთვნილ 10 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზს.

ტაპ-ის მშენებელი კონსორციუმის შემადგენლობაში შედიან BP (20 პროცენტიანი წილით),SOCAR (20 %), Snam (20 %), Fluxys (19 %), Enagas (16 %) და Axpo (5 %).

ამჟამად დასრულებულია დაახლოებით 880 კმ საერთო სიგრძის ტაპ-ის სამშენებლო სამუშაოთა 95 %. მიმდინარეობს იტალიის სანაპიროსთან 1,5 კმ სიგრძის გვირაბის მშენებლობა, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მიზნით, რაც დააკავშირებს მილსადენის საზღვაო ნაწილს სახმელეთო, 8,2 კმ სიგრძის მონაკვეთთან მელენდუგნოს მუნიციპალიტეტის ქალაქ სან ფოსასთან, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. კომერციული გაზის პირველი ნაკადის მიწოდება ევროპაშიდაგეგმილია 2020 წლის ბოლოსათვის, 2021 წლიდან კი დაიწყება მოცულობების თანდათანობითი ზრდა. შესაბამისად, იზრდება საქართველოსთვის ოპციური გაზის კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებიც. კერძოდ 2020 წელს იგეგმება დამატებით დაახლოებით 200 მლნ, 2021 წელს – 300 მლნ, 2022 წელს – 600 მლნ, ხოლო 2024-2026 წლებიდან 800 მლნ კუბური მეტრი გაზის მიღება ყოველწლიურად.

Report.ge: და ბოლოს, როგორია საქართველოს გაზის სამხრეთის კორიდორის განვითარებასთან დაკავშირებული სარგებელი? ვგულისხმობ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა ტიპის სარგებელს , რასაც ეს პროექტი მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

თეიმურაზ გოჩიტაშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობ- და გაზსადენები პირდაპირ უკავშირდება შავი ზღვის, ხოლო თურქეთის გავლით – ხმელთაშუა ზღვის საზღვაო ტერმინალებს და ევროკავშირის ქვეყნებს. საქართველო ჩამოყალიბებულია საერთაშორისო ბაზრებზე კასპიის ენერგეტიკული რესურსების დამოუკიდებელი, კომერციულად ნეიტრალური და ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტით ტრანზიტის განმახორციელებელი სტატუსის მქონე საკვანძო ქვეყნად.

საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხრეთ კავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენი, ტანაპთან და ტაპთან ერთად უზრუნველყოფს კასპიის საბადოების გაზის მიწოდებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებისათვის. მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებითა და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, ქვეყანა შეღავათიან ფასებში იღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. დღეისათვის ძალაშია 2 კონტრაქტი: ოპციური გაზისა და დამატებითი გაზის. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა შესყიდულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობაყოველწლიურად. კონტრაქტი 60 წლიანია, მოიცავს სკმ მილსადენით ტრანზიტს 2066 წლამდე. დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო მისი საშუალებით, ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს.

2018 წლამდე, ტანაპის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებამდე და ექსპლუატაციის დაწყებამდე საქართველოს შეეძლო ოპციური გაზის ხელშეკრულებით მაქსიმუმ 330 მლნ კუბური მეტრი გაზის მიღება, შაჰ დენიზის კონსორციუმის თურქულ „ბოტაშთან“ დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური მიწოდების სიდიდიდან (6,6 მლრდ მ3/წ) გამომდინარე. ტანაპის ამოქმედების შემდეგ თანდათანობით იზრდება სამხრეთის გაზის კორიდორით, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის მოცულობები. 2024-2026 წლებისათვის და შემდგომ იგი შეიძლება გაიზარდოს 22 მლრდ კუბურ მეტრამდე, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღოს, რაც მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტის მიღების საშუალებას იძლევა, რადგან სკმ-დან მიღებული ოფციური გაზის ფასი დაახლოებით 2,5-3-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე რუსული ან აზერბაიჯანული გაზის საბაზრო ღირებულება ქვეყანაში. ასეთი ეფექტის მიღება გაზის სამხრეთი კორიდორის, მათ შორის ტანაპის ამოქმედებამდე შეუძლებელი იყო.

უფრო მნიშვნელოვანი კი პოლიტიკური და სოციალური ეფექტია, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორის შემადგენელი სკმ, ტანაპ და ტაპ მილსადენების განვითარებას მოყვა. თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა (ახორცილებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში), ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ყალიბდება. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში. შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება საქართველოს პროგრესულ საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივაც. 

წყარო: Report.ge

Share