Home » ფინანსები » ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სესხები გაძვირდა
ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სესხები გაძვირდა

ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სესხები გაძვირდა

ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სესხები გაძვირდა. ამ ტენდენციამ 2016 წლის მეოთხე კვარტალის დასაწყისიდან იჩინა თავი. ფინანსისტები საკრედიტო განაკვეთების ზრდის მიზეზებად ლარის დევალვაციას, დედოლარიზაციის პროგრამას და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნას ასახელებენ. კომერციულ ბანკებს ეზრდებათ ხარჯი და ისინიც ცდილობენ, დამატებითი ვალდებულება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აჰკიდონ.

საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2016 წლის მესამე კვარტალის დასასრულისათვის მოკლევადიან სესხებზე 16.8% იყო, დღეს კი 17%-ია, გრძელვადიან სესხებზე 11.3%-დან 11.4%-მდე გაიზარდა. განაკვეთის ზრდა ჯერჯერობით დიდი არ არის, თუმცა რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ტენდენციის შენარჩუნებას და უფრო მეტ გაძვირებას ვარაუდობენ სფეროს სპეციალისტები. მათი აზრით, ამაში მთავარი დამნაშავე ლარის მცურავი კურსი და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია. ბანკებს პრობლემას უქმნის დედოლარიზაციის პოლიტიკაც, რადგან ლარის რესურსი ნაკლები აქვთ.

საპროცენტო განაკვეთის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმიც, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დადგენილი, ბანკებს რა თანხის გადახდა მოუწევთ დაზღვევის ფონდის შესაქმნელად.

ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიზეზად ლარიზაციას მიიჩნევს. მისი აზრით, ეს პროგრამა თავიდანვე შეცდომა იყო და სპეციალისტების მოლოდინი, რომ კრედიტებს გააძვირებდა, პირველ ეტაპზევე გამართლდა.

“საპროცენტო განაკვეთის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ლარიზაციაა. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იყო სახელმწიფოს მხრიდან. აქედანაა გამოწვეული ის, რომ ბანკებს არ აქვთ იაფი ფულადი რესურსი ეროვნულ ვალუტაში. ამას გარდა, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გრძელვადიან სესხებზე არც ერთი ბანკი დღესდღეობით არ აკეთებს აქცენტს. როცა ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა და მუდმივად მცურავი კურსია, ვფიქრობ, ეს დამატებითი ფაქტორია, რის გამოც ბანკი არ ეწევა რისკს გრძელვადიანი სესხის დასაფინანსებლად და თუ გასცემს, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთით. ამის გამოა, რომ გაიშვიათდა ბოლო დროს სესხი ბიზნესისათვის.

როცა დედოლარიზაცია დაანონსდა, იმ დროიდან ვსაუბრობთ ფინანსისტები, რომ ეს გაუძვირებდა მსესხებლებს მომსახურებას. ყველაზე მეტად ბიზნესი ზარალდება, რადგან მას უწევს წნეხის ატანა ბანკისგან. თანაც მან უნდა გადაიხადოს გადასახადები, რაც საქართველოში ძალიან მაღალია”, – განუცხადა “რეზონანსს” ირაკლი ბერძენაძემ.

ამ დროს ბანკი იღებს მოგებას და აზარალებს ბიზნესს. ასეთ პირობებში კერძო სექტორის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.

“ქვეყანაში უნდა დაისვას ორი მთავარი პრიორიტეტი. საბანკო სესხი რამდენად გაიცემა ბიზნესზე და რამდენად – ფიზიკურ პირზე. ისეთ პირობებში, როგორიც დღესაა, მხოლოდ საბანკო სფეროს განვითარებაა შესაძლებელი, სხვა დანარჩენ საქმიანობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ვითარდება ბანკი, რომელიც იღებს მოგებას, ხოლო ბიზნესი, როგორც ყოველთვის, ზარალდება.

ახლა ბანკებს აქვთ ნაკლები რესურსი ლარში. კომერციულმა ბანკმა მის ხელთ არსებული დოლარი უნდა მიმართოს სავალუტო ბაზრისკენ და იქ გადააკონვერტიროს. ამ დროს ლარი უფასურდება და დოლარი მყარდება. რასაკვირველია, ამ ოპერაციის დროს მცირდება ბანკის მოგება და იგი ცდილობს, დანაკარგი კლიენტებისგან აანაზღაუროს.

ბანკს აქვს ბევრად მეტი ლავირების საშუალება, რასაც აკეთებს კიდეც. ყველაფრის მიუხედავად, ისინი ახერხებენ, მიიღონ მაღალი შემოსავალი კერძო და იურიდიული პირების ხარჯზე. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო წნეხისაგან კი გათავისუფლდა ბიზნესი, მაგრამ ახლა იგი საბანკო წნეხმა და ვალდებულებებმა ჩაანაცვლა”, – განაცხადა ირაკლი ბერძენაძემ.

სესხების საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიზეზად ლარის დევალვაციას და დაანონსებულ დეპოზიტების დაზღვევას ასახელებს ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, თუ ბანკებს დანახარჯი გაეზარდათ, რაც მეტად სავარაუდოა, აუცილებლად მოიმატებს პროცენტიც.

“სესხების გაძვირების ტენდენცია გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ვალუტის დევალვაცია. კომერციული ბანკები ცდილობენ, გაზარდონ თავიანთი შემოსავლები, რომ არ იზარალონ. ამიტომ, ბუნებრივია, არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს გაზრდიან, არამედ საკომისიო მომსახურებასაც.

შესაძლოა, მოხდეს ჯარიმების გაზრდაც, ანუ, ფაქტობრივად, კომერციული ბანკები აინაზღაურებენ დანაკარგს კლიენტებისაგან და ამით ზრდიან შემოსავალს. მოსაწონია თუ არა, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას წინ ვერაფერი აღუდგება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი ფაქტორია დეპოზიტების დაზღვევის ახალი სისტემა, რომელიც მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. ბანკებს გარკვეული თანხის გადარიცხვა მოუწევთ სადაზღვევო ფონდის შესაქმნელად. ისინი წინასწარ ვარაუდობენ და იჭერენ თადარიგს, რომ აინაზღაურონ ხარჯი, რომელსაც მომავალი წლიდან გაიღებენ.

ამ ორი ძირითადი ფაქტორის ფონზე, ბუნებრივია, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები. იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკებს მომავალშიც მოემატებათ ხარჯი და ეს სავსებით მოსალოდნელია, მივიღებთ უფრო ძვირ კრედიტებს. რა თქმა უნდა, ბანკები შეეცდებიან, ხარჯი აინაზღაურონ კლიენტებისაგან. ეს მოხდება არა მხოლოდ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდით, არამედ დეპოზიტებზე განაკვეთის კლების მეთოდითაც”, – აღნიშნა ლია ელიავამ “რეზონანსთან” საუბრისას.

 

წყარო: გაზეთი “რეზონანსი”

Share