Home » მსოფლიო » ბილ გეითსის ჭკვიანი მეგასახლის 10 დეტალი

ბილ გეითსის ჭკვიანი მეგასახლის 10 დეტალი

უბრალო სულიერს ყოველთვის აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ მდიდარი და ცნობილი ადამიანები, ხოლო, თუ ეს პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ნამდვილი კომპიუტერული გენიოსი, Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეითსია, რა თქმა უნდა, ინტერესი ასმაგდება.

იმის გათვალისწინებით, თუ ვის აქვს მდიდრული მამული მედინის შემოგარენში, მარტივია იმის მიხვედრა, რომ საცხოვრებელი არამხოლოდ სიმდიდრით, არამედ დაუჯერებელი მაღალტექნოლოგიური სისტემებითაც გაგვაოცებს, რომლებიც ბილ გეითსის ოჯახის წევრებისა და სტუმრების ნებისმიერ ხუშტურს შეასრულებს, თანაც, გარემოზე მინიმალური გავლენით.

ბილ გეითსის ჭკვიანი სახლი – ესაა უზარმაზარი რეზიდენცია, რომელიც მედინაში, ტბა ვაშინგტონის სანაპიროზეა განლაგებული. იმისათვის, რომ თავისი პირადი ცხოვრება ცნობისმოყვარე თვალებისგან ცოტათი მაინც დაეცვა, ბილმა მიწის ნაკვეთი იყიდა და ყოველმხრივ უნიკალური სახლის აშეენბა დაიწყო, რომელსაც Xanadu 2.0. დაარქვა. სახლის მოწყობას 7 წელი და 310 ადამიანი დასჭირდა, რომელთაგან 90 მაღალი კლასის სპეციალისტები იყვნენ ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში, და რომლებმაც შეძლეს სახლისთვის ულტრათანამედროვე შესაძლებლობების მინიჭება, სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროდან.

1. ზრუნვა გარემოზე

ბუნებრივ ზონაში მიწის ნაკვეთის შეძენისას, ბილ გეითსმა, პირველ რიგში, იზრუნა მშენებლობის გარემოსადმი უსაფრთხოებაზე. მრავალრიცხოვანი შენობის კედლებიდან გამოსხივებული სითბოს მავნე ზემოქმედების შესაჩერებლად, მზრუნველმა მფლობელმა შეუკვეთა სპეციალური დამცავი ბარიერი, ნაკადულის სახით. თანაც, იგი არამხოლოდ გარემოს უფრთხილდება, არამედ შესანიშნავი ადგილია ორაგულისა და ვირთევზას მოსაშენებლად.

და, საერთოდ, გამწვანებასაც არანაკლები დრო ეთმობა, ვიდრე თავად სახლის კეთილდღეობას. სპეციალური “მწვანე” კედელი ხელს უწყობს შენობაში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას. ასევე, უამრავი ლეგენდა დადის იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა მფლობელი ეზოს შესასვლელში არსებული 40 წლის ცაცხვის შენარჩუნებას. ახლა იგი მამულის თილისმაა, მის მდგომარეობაზე ზრუნავენ მებაღეები და სპეციალური კომპიუტერი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როდისაა საჭირო მორწყვა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მთელ იმ სიმწვანეზე, რომელიც გეითსის ნაკვეთზეა, ზრუნავს კომპიუტერით მართული განსაკუთრებული სისტემა, რომელიც ნიადაგის მდგომარეობას ადევნებს თვალ-ყურს.

2. ბუნებრიობა ყველაფერში

ყველაფერი ბუნებრივის მოყვარული ბილი იჟინებდა, რომ მოპირკეთება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ხით შესრულებულიყო. ჩვენი ინფორმაციით, რეზიდენციის მშენებლობას 500-წლოვანი კალიფორნიული სოჭის დაახლოებით 1000 კუბური მეტრი დასჭირდა. ინტერიერის გაფორმებაში, ხესთან ერთად, ჩართულია შუშა, მარმარილო და ფოლადი.

კომპანია Bohlin Cywinski Jackson-ისა და Cutler-AndersonВсе-ის სპეციალისტთა ჯგუფმა საუკეთესოდ შეასხა არქიტექტურული ხორცი გეითსის ოცნებებს. მილიარდერის წყნაროკეანული სტილისადმი სიმპათიის გათვალისწინებით, Xanadu 2.0. დაემსგავსა ტიპურ Pacific lodge-ს (სახლი წყნარი ოკეანის სანაპიროზე), თუმცა, იგი გადავსებულია IT-ინდუსტრიის უახლესი მიღწევებით.

3. აუარებელი გადასახადი უძრავი ქონებისთვის

მდიდრულ ცხოვრებას თავისი საფასური აქვს, თანაც, მასში მხოლოდ ნაკვეთის შესაძენი, მშენებლობისა და კომუნალური გადასახადების ფული კი არ შედის. არსებობს კიდევ ერთი აუცილებელი მუხლი გასავლებისა – უძრავი ქონების გადასახადი. როგორც აღმოჩნდა, ბილ გეითსი ყოველწლიურად უხდის სახელმწიფო ხაზინას 1 მლნ დოლარზე მეტს, თანაც ამას სამაგალითოდ აკეთებს.

ჩამატება: ნაკვეთი 2 მლნ დოლარად შეიძინა, სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოები კი, “ჭკვიანი” სისტემების დამონტაჟებისა და მომსახურების ჩათვლით, 63 მლნ დაუჯდათ. დღეისათვის, მამულის დაახლოებითი ფასი 125-157 მლნ დოლარამდე მერყეობს.

4. გურმანის ოცნება

მილიარდერის ოჯახი და მისი უამრავი სტუმარი ნებისმიერ დროს შეძლებენ რაღაც გემრიელით ტკბობას, რადგან სახლში, არც მეტი, არც ნაკლები, 6 სამზარეულოა მოწყობილი, თანაც, შეფ-მზარეულებისა და მიმტანებისგან შემდგარი პერსონალი სადღეღამისოდ მუშაობს.

გარდა დახვეწილი კერძებისა, სტუმრებს შეუძლიათ იდეალურად გაფორმებული მყუდრო სასადილოებით ტკბობაც, რომლებიც გათვლილია მეგობრების ვიწრო წრეზე, ან ისადილონ უზარმაზარ სარიტუალო დარბაზში, რომელსაც 150 დასაჯდომი ადგილი აქვს, ხოლო, თუ კოქტეილის წვეულება იგეგმება, ადგილი 200 სტუმარს ეყოფა.

5. შუშის კედლები

ტბისა და გასაოცარი ბუნების ულამაზესი ხედით ტკბობას ხელს რომ არაფერი უშლიდეს, სახლში რამდენიმე ოთახია, შუშის კედლებით. ზოგიერთი მათგანი “ბუნებაში” დასასვენებელ ადგილად იქცა, ხოლო სხვები ნათელ პანორამას შლის ქალაქის ცხოვრებაზე, რადგან ფანჯრები იატაკიდან ჭერამდეა და ხედს ხელს არაფერი უშლის. რაც ყველაზე საინტერესოა, თუ ვინმეს განმარტოება სურს, უბრალოდ გასცემს ბრძანებას და ფარდები თავისით ჩამოეშვება, შექმნის ინტიმურ სიტუაციას.

6. აკვარიუმი ვეშაპით, ოქროს თევზების ნაცვლად

რთულია იმის წარმოდგენა, რომ კერძო სახლის აკვარიუმში პატარა ოქროს თევზებს ვერ დავინახავთ. აქ იხილავთ ზღვის სიღრმეების უფრო დიდ მაცხოვრებლებს, დელფინებისა და ზვიგენების ჩათვლით, რომ აღარაფერი ვთქვათ ვეშაპზე… ამ სილამაზის ცქერა საათობით შეიძლება უზარმაზარ მისაღებში, რომლის გამჭვირვალე კედელიც გიგანტურ აკვარიუმს ემეზობლება.

7. აუზი მელომანებისთვის

აუზისთვის აშენდა ცალკეული შენობა 1200 კვ.მ. ფართით. ამ დასასვენებელი ზონის განმასხვავებელი თვისებაა განსაკუთრებული სტერეოსისტემა, ამიტომ, მელომანები წყალქვეაც კი ტკბებიან საყვარელი ჰიტებით. რაც ყველაზე საინტერესოა, აუზი მდებარეობს როგორც შენობაში, ისე გარეთაც, და გარე ტერასაზე მოსახვედრად, რომელზეც გაფორმებულია დასასვენებელი ზონა პალმებითა და შადრევნებით, უნდა გაცუროთ შუშის კედლის ქვეშ.

8. აბაზანამ იცის, როდის და რა ტემპერატურის წყალი დააგროვოს

გასაკვირი არაა, რომ კომპიუტერულ გენიოსს მეტისმეტად ჭკვიანი სახლი აქვს, თუმცა ის, რომ სახლიდან რამდენიმე კმ-ს მოშორებით, ბილის მანქანაში არსებული GPS სისტემა ატყობინებს სააბაზანოს და წყალიც მაშინვე ირთვება, უკვე ძალიან ბევრია ჩვენი ფანტაზიისთვის. თანაც, წყლისა და ჰაერის ტემპერატურა მამულის მფლობელის მისწრაფებების შესაფერისი იქნება. და არც ესაა ყველაფერი.

შემსვლელი ადამიანის ნაბიჯების მიხედვით, არამხოლოდ დაცვის წევრებმა, არამედ ყველა უზრუნველმყოფმა სისტემამ იცის, თუ ვინ მოდის. ამიტომ, მთელ გზაზე ისმის ის მუსიკა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს მომავალი, ხოლო, თუ იგი სააბაზანოში შედის, წყალი და ჰაერიც საჭირო ტემპერატურის გახდება.

ამ სახლში ყველაფერი წვრილმანებამდეა დაპროგრამებული. შემოსული სტუმრებიც კი, შემოსვლისას, გამოთქვამენ თავიანთ სურვილებს, მათ მაშინვე აპროგრამებენ და გასცემენ სპეციალურ მიკროჩიპებს, რომლებიც პატარა ქინძისთავშია ჩამონტაჟებული. ამ მომენტიდან, სააბაზანოსაც კი ეცოდინება, თუ რა ტემპერატურის წყალი გაავსოს, რათა სტუმარი კმაყოფილი იყოს და თითოეული ოთახი უზრუნველყოს იმ განათებით, ტემპერატურით, მუსიკითა და ფილმებით, რომლებიც სტუმარს მოსწონს. ეს გადამცემები პროგრამირდება იმაზეც, თუ სად ეკრძალება სტუმარს შესვლა, ამიტომ, ბილის კაბინეტში შეხედვა ან ოჯახის წევრების ოთახებში შესვლა, განსაკუთრებული მოწვევისა და ნებართვის გარეშე, ნამდვილად არავის შეუძლია.

9. ელექტრონული სამხატვრო გალერეა

ბილ გეითსი მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც არასდროს მობეზრდება ნახატების კოლექციის თვალიერება – მისი მამულის კედლებზე ხომ ნახატები დღეში რამდენჯერმე იცვლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უამრავი ნახატი აქვს – მან, როგორც ნამდვილმა კომპიუტერულმა გენიოსმა, გააციფრულა უთვალავი ტილო, რომლებიც უბრალოდ ტრანსლირებულია ჩარჩოებში ჩასმულ მონიტორებზე. რაღა თქმა უნდა, ასეთი სიამოვნება იაფი არაა, ამბობენ, რომ მხოლოდ ამ ელექტრონული გალერეის დამონტაჟებას 230 000 დოლარი დასჭირდა.

10. ბიბლიოთეკა

მილიარდერის მამულში ყველაზე უჩვეულო ობიექტია ბიბლიოთეკა (195 კვ.მ.). განსაკუთრებული განმასხვავებელი ელემენტია შუშის გუმბათისებრი სახურავი, რომლის ქვეშაც სამკითხაო დარბაზია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკის ჭერს ამშვენებს გეითსის საყვარელი ციტატა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანიდან “დიდი გეთსბი”: “გრძელი იყო გზა, რომელიც ამ ხავერდოვან გაზონებამდე მოვიდა, და მას, ალბათ, ეჩვენებოდა, რომ ახლა, როცა მისი ოცნება ასე ახლოს იყო, ხელს გაიწვდენდა და დაიჭერდა მას.”

მასში ინახება ბილისთვის განსაკუთრებით ძვირფასი და იშვიათი წიგნების კოლექცია. გარდა დაბეჭდილი ვარიანტებისა, მფლობელი ინახავს ელექტრონულ ვერსიებსაც, აქვეა თავად ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერიც კი. ჩვენი რედაქციის ინფორმაციით, დიდი იტალიელის რვეული, XVI საუკუნეში დაწერილი Codex Leicester-ით, ბილ გეითსმა შეიძინა ჯერ კიდევ 1994 წელს, 30.8 მლნ დოლარად.

ამ მშვიდ ოთახშიც კი, ყველაფერი გამოტენილია სენსორებითა და ელექტრონიკით, თანაც იმ დონემდე, რომ ხოჭოები და ტკიპები, რომლებიც ხითა და ქაღალდით იკვებებიან, ლაზერით ნადგურდება.

წყარო: NOVATE.GE

Share