Home » მსოფლიო » „ბიბისის“ ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებით ჯაშუშები დაინტერესდნენ

„ბიბისის“ ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებით ჯაშუშები დაინტერესდნენ

„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებით უცხოელი ჯაშუშები დაინტერესდნენ. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თქმით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია იმ სამეცნიერო კვლევების შესახებ, რომელიც აშშ-ში მიმდინარეობს.

აშშ-ის კონტრდაზვერვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, უილიამ ევანინას თქმით, აშშ-ის ხელისუფლება მსგავსი რისკების შესახებ გაფრთხილებულია. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა სამეცნიერო კვლევების შესახებ მონაცემების მოპარვის მცდელობა.

„ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან და მთავრობასთანაც. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა კვლევების მონაცემების საუკეთესოდ იყოს დაცული“ – განაცხადა უილიამ ევანინამ.

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გააქტიურება დაადასტურეს ბრიტანეთის დაზვერვაშიც.

„ბიბისის“ ცნობით, აპრილში აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გაავრცელა ცნობა, რომ კორონავირუსის კვლევით დაკავებული ორგანიზაციების კომპიუტერულ ქსელებში შეღწევის მცდელობა დაფიქსირდა.

მოგვიანებით, აშშ-ის პროკურორის მოადგილე, ჯონ დემერსმა განაცხადა, რომ „აბსურდული იქნებოდა, რომ ვაქცინის კვლევებით ჩინეთი არ დაინტერესებულიყო“.

აპრილში კიბერდამნაშავეების სამიზნე ასევე გახდა ორი საავადმყოფო ჩეხეთში, რასაც აშშ-ის სახელმწიფო მდვნის, მაიკ პომპეოს კრიტიკული განცხადება მოჰყვა.

1tv.ge

Share