Home » საზოგადოება » ბაჩანა ჯინჭარაძე – ჩვენ ვიხდით ეკონომიკურ ფასს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის რეგულირებისთვის

ბაჩანა ჯინჭარაძე – ჩვენ ვიხდით ეკონომიკურ ფასს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის რეგულირებისთვის

„ჩვენ ვიხდით ეკონომიკურ ფასს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის რეგულირებისთვის“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას, ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში აცხადებს.

„ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვას ექვემდებარება, მნიშვნელოვანწილადაა განპირობებული იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში შესაბამის დროს მოხდა რიგი შემზღუდავი მოქმედებების გატარება. დღეს, როცა ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად დარეგულირებულია ჩვენს ქვეყანაში, არსებული ვითარება მაინც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკა მთლიანად გაიხსნას. კი, რიგი სექტორის საქმიანობა იმაზე დიდხანს გაჩერდა, ვიდრე მათი გახსნის გაცხადებული თარიღი იყო, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენე კომპანიები, თუმცა, ამ პროცესში როგორც პროცესის ზედმეტად გაწელვა, ასევე სიჩქარე დამაზიანებელი იქნება, ერთი მხრივ ეპიდსიტუაციის გასაკონტროლებლად, მეორე მხრივ კი ეკონომიკის სრულად ასამუშავებლად“, – აცხადებს აფბას ანალიტიკოსი.

მისი თქმით, ზაფხულის ტურისტული სეზონის დადგომის პარალელურად, საზღვრების გახსნა შეიძლება იმაზე მეტი ზიანის მომტანი იყოს ქვეყნისთვის, ვიდრე ამ პროცესიდან მიღებული სარგებელი.

„ყველას და მათ შორის მეც, მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა სრულად. გაჩერებული კომპანიების უკან ათასობით დასაქმებული დგას, რომელთა მომავალი ბუნდოვანია. ეს ეხება ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებსაც. სამწუხაროდ, ეს ის სექტორია, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია უცხოელ ტურისტებზე. რიგ ქვეყნებს, სხვა გზა აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ გახსნან საზღვრები, რადგან ეპიდსიტუაცია ისე წარმატებულად ვერ მართეს. არჩევანს ვაკეთებთ ცუდსა და უარესს შორის და საბედნიეროდ, დღეს ჩვენ ამ უარესი გამოწვევის წინაშე არ ვდგავართ.

რომ გადავხედოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ძირითადად შემოდიან ჩვენთან ტურისტები – რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ისრაელი, უკრაინა, ეს ის ქვეყნებია, სადაც ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია. აქედან ტურისტების მიღება წელს ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. ეს გამომდინარეობს იქ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათიდან. ამიტომ, ამ სექტორის უახლოესი სამომავლო პერსპექტივა საკმაოდ არასახარბიელოა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე მივიღოთ ვიზიტორები იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემია მართვას ექვემდებარება და პრინციპში ამ მიმართულებით მიმდინარეობს კიდეც მუშაობა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია – ჩვენ ვიხდით ეკონომიკურ ფასს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის რეგულირებისთვის“, – აცხადებს ბაჩანა ჯინჭარაძე.

Share