Home » ბიზნესი » ბარები და რესტორნები მთავრობის წინააღმდეგ – “უნდათ, რომ ეს ბიზნესი განადგურდეს ბოლომდე!”

ბარები და რესტორნები მთავრობის წინააღმდეგ – “უნდათ, რომ ეს ბიზნესი განადგურდეს ბოლომდე!”

კვების ობიექტების ნაწილი გახსნის შემდეგ ხელმეორედ, უკვე გაურკვეველი ვადით, დაიხურა

ეკონომიკის ამოქმედების შემდეგ, პრობლემა ის რეგულაციებია, რომლებიც სახელმწიფომ ბარ-რესტორნებს წარუდგინა. გარდა იმისა, რომ გაიდლაინები სექტორზე მორგებული არ არის, პრობლემა აღსრულებაცაა და მაკონტროლებელთა მიდგომაც, რომელიც პირველსავე ჯერზე ობიექტებს მაქსიმალური ოდენობით აჯარიმებენ. 

მას შემდეგ, რაც ჰორეკა ბიზნესს პოსტპანდემიურ პერიოდში მუშაობის უფლება მიეცა, დასაქმებულებსაც გაუჩნდათ განცდა, რომ ძველ რეჟიმში ცხოვრებას შეძლებდნენ, რასაც ვერაფრით ახერხებენ, როგორც სექტორში ამბობენ, მიზანმიმართულად ან კომპეტენციის ნაკლებობის გამო. ობიექტების ნაწილი რამდენიმედღიანი გახსნის შემდეგ დაიხურა, ისინი კი, ვინც მოახერხა და ამ დრომდე გადარჩა, იმავე ბედის გაზიარების მოლოდინშია. 

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესი დახურვის პირასაა, რაც  სრულად ხელისუფლების მხრიდან რეალურობის აცდინილი მიდგომების დამსახურებაა. 

,,ძალიან რთულია ვითარება სარესტორნო ბაზარზე მას შემდეგ, რაც მუშაობის აღდგენის ნებართვა მოგვეცა. ამის მიზეზი არის მთავრობის მხრიდან ნულოვანი თანადგომა. დათქმული პირობები, რომლებიც შეთანხმებული გვქონდა, აბსოლუტურად დარღვეულია და დღეს სარესტორნო ბიზნესი ალალბედზეა. უბრალოდ, დროის საკითხია, რამდენ ხანში გაკოტრდება ეს სექტორი. გახსნისას ვიყავით ძალიან ოპტიმისტურად, მაგრამ ვხედავთ, რომ ახლა ყველა მცდელობაა, ეს ბიზნესი განადგურდეს და ჩვენ მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ მუშაობას. 

რეგულაციები შეიძლება გამოიყენო პანდემიის წინააღდეგ საბრძოლველად და ქვეყნის სასიკეთოდ, უგუნურის ხელში კი იგი ხდება დაღუპვის ტოლფასი. აგურით სახლის აშენებაც შეიძლება და – ადამიანის მოკვლაც, რატომღაც ჩვენი სექტორისათვის ხელისუფლებამ მეორე აირჩია. რეგულაცია ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, პრობლემა აღსრულებაა. ვიღაცები ასრულებენ ვიღაცების ბოროტ დავალებას, რომ ეს ბიზნესი განადგურდეს ბოლომდე“, – განაცხადა “რეზონანსთან” ასოციაციის ხელმძღვანელმა. 

საინტერესოა, რა არის უფრო კონკრეტულად აღსრულების ის ნაწილი,  რომელიც ხელს უშლის რესტორნებს მუშაობაში, რაზე იყო შეთანხმება და რა მიიღო ბიზნესმა რეალურად. ამ კითხვაზე რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს საათობით სალაპარაკო საკითხია.

“დეტალებზე რომ ვისაუბრო, რატომ არის რეალობას აცდენილი და რა პრობლემებია აღსრულებაში, ბევრი საათი არ მეყოფა, მარტივად კი პასუხი ასეთია: მთავრობის ნება – ეს არის მთავარი ხელის შემშლელი”, – დასძინა გაბრიჩიძემ. 

უფრო მძიმეა ბარების მდგომარეობა, რომელთა ნაწილიც, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით – 10 000 ლარით – სწორედ საგანგებო რეჟიმის გაუქმების შემდეგ დაჯარიმდა. მათი დიდი ნაწილი რამდენიმედღიანი გახსნის მერე, ხელმეორედ, ამჯერად უკვე გაურკვეველი ვადით დაიხურა. 

თბილისში ერთ-ერთი  ყველაზე ცნობილი ბარის, “დედაენას” მფლობელი “რეზონანსთან” ჰყვება, რომ რეგულაციების ნაწილის შესახებ სექტორმა მას შემდეგ გაიგო, რაც სხვა დაწესებულებები სოლიდური თანხით დაჯარიმდნენ, ამ რეალობაში მუშაობა კი, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა.

“პირველ რიგში, პრობლემა რეგულაციების ბუნდოვნებაა. გარდა იმისა, რომ ის საერთოდ არ არის მორგებული ბარებზე, უნიჭო კოპირებაა რომელიღაც ქვეყნის გაიდლაინიდან. არავის უფიქრია, რამდენად საჭიროა და რამდენად კავშირშია ეპიდსიტუაციასთან. ყველა ზარალდება და ჩვენც არ გვქონია ის განცდა, რომ ბარები მოვლენების მიღმა დავრჩებოდით. მეტიც, გაგებით ვეკიდებით არსებულ მდგომარეობას და თავის დროზეც, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ერთი კვირით ადრე ჩვენი ნებით შევწყვიტეთ მუშაობა და ჩვენი ხარჯებითვე ავანაზღაურეთ თანამშრომელთა ფინანსური ვალდებულებები. არც ერთ ჩვენს დასაქმებულს სახელმწიფოსთვის არ მიუმართავს. 

რამდენად სჭირდება ეს რეგულაციები ჯანდაცვას, ძალიან ბუნდოვანია. არის 150-მდე პუნქტი, როლმებიც არაფერს ემსახურება. უბრალო ხარვეზის გამოსწორება ერთ საათში შეიძლებოდა და გაფრთხილებით შეეძლოთ შემოფარგლულიყვნენ, მაგრამ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით დააჯარიმეს არაერთი ბარი. პრობლემა ისიცაა, რომ რეგულაციები ჩვენ გარეშე შემუშავდა და ამიტომაც არ ერგება ბაზარს. 

ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვისაც კი, რომ ეს გაიდლაინი საერთოდ მოგვეპოვებინა. არსად გამოქვეყნებულა და მაშინ გავიგეთ რეგულაციების შესახებ, როცა ბარ-რესტორნების დაჯარიმება დაიწყო. პრობლემაა გაბერილი ბიუროკრატიაც, რომელიც არანაირ სტანდარტს არ ამაღლებს. 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც სახელმიფოს დამოკიდებულებაა, ის ჩვენთან არ თანამშრომლობს. კანონში წერია, რომ შეიძლება მივიღოთ გაფრთხილება და ჯარიმა 500-დან 10 000 ლარამდე. პირველად შემოწმებულ 20 ობიექტში ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დაიწერა. 

ნამდვილად არ ვიცით, რა იქნება მომავალში და თუ სახელმწიფო არ შეცვლის დამოკიდებულებას და აღსრულების მეთოდებს, ამ ბაზარზე არაფერი აღარ იქნება. არსებობს არა ერთი, არამედ რამდენიმე ინსპექცია. ისინი ცალ-ცალკე დადიან ყოველდღე, ამოწმებენ და ითხოვენ აბსურდული რეგულაციების შესრულებას. ეს არაფერს ემსახურება, ჩვენი ბიზნესის დახურვის გარდა. სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა ვზრუნავთ ბარები გაერთიანებაზე და უახლოეს მომავალში გვექნება სამოქმედო გეგმაც”, – განაცხადა “რეზონანსთან” დათა ლაფაურმა.

ამ თემის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი მაინც დასაქმებულები არიან, რომლებმაც სამუშაო უკვე მეორედ დაკარგეს.

წყარო: resonancedaily.com

Share