Home » ახალი ამბები » ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდის მიზნით წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები იწყება

ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდის მიზნით წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონისთვის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებით სამუშოებს იწყებს.

პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება ითვალისწინებს სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას, წყლის ჩამკეტ–მარეგულირებელი მოწყობილობების შეცვლას, რაც უზრუნველყოფს შიდა გამანაწილებელი ქსელის გამართულ ფუნქციონირებას.

რამდენიმე დღეში ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი გამოცხადდება.

კურორტზე არსებულ ვითარებას და სათავე ნაგებობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე თამაზ გამცემლიძე და დარგის სპეციალისტები.

ამ დროისთვის ბაკურიანს წყალი უწყვეტად მიეწოდება. თუმცა, მშრალმა კლიმატმა, ინფრასტრუქტურული ობიექტების, დამსვენებლებისა და ტურისტების მკვეთრმა ზრდამ ზამთრის სეზონზე გამოიწვია წყლის დებიტის სიმცირე და კურორტს წყალმომარაგების მიწოდება შეუზღუდა.

„სპეციალისტების მიერ მომზადდა პოროექტი, რომლის განხორციელებასაც ამ ზაფხულს ვაპირებთ. ბაკურიანში სწრაფად იზრდება განაშენიანება, ემატება სასტუმროები, კომერციული ობიექტები, კერძო სახლები, იზრდება დამსვენებელთან რაოდენობა. ასევე, იგეგმება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, რაც მოითხოვს უფრო მეტი წყლის მოხმარებას. შესაბამისად, საჭიროა დღეს არსებული წყლის სისტემა უფრო მეტად გამართული იყოს და მეტი რესურსი ჰქონდეს, რომ ამ მზარდ მოთხოვნას გაუძლოს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამ ახალი ტექნიკური გადაწყვეტიულებების განხორციელება რამდენიმე თვეში მოუწევს, რათა 2020–2021 წლის ზამთრის სეზონს მომზადებული შევხვდეთ“. – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

„ამ ეტაპზე, ბაკურიანში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რათა, ზამთრის საკურორტო სეზონის დადგომისთვის, თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის გართულებები. უახლოეს პერიოდში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები და ვფიქრობთ, სეზონის დადგომამდე კომპანია სრულად უზრუნველყოფს სისტემების გამართვას და მწყობრში მოყვანას“ – განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ამ დროისთვის, წყალმომარაგება–წყალარინების 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს: აბასთუმნის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, კურორტ აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა. ქალაქ ვალეს და დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება – 23,018,818 ლარია.

Share