Home » საზოგადოება » „ახალგაზრდა ადვოკატები“ – სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს – ამიტომაც, ჩვენ შევისწავლით „ლიდერფუდის“ შემთხვევას

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს – ამიტომაც, ჩვენ შევისწავლით „ლიდერფუდის“ შემთხვევას

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მხრიდან კომპანია „ლიდერფუდის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე სამართლებრივ შეფასებას გამოაქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მასობრივი საინფორმაციო-საშუალებებით ცნობილი გახდა დავა, რომლიც შეეხება კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების ერთმანეთთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. საქმეზე საჯარო ინტერესი ემსახურება მრავალ მილიონიან დავაზე სასამართლოების მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. სასამართლო დადანაშაულებულ იქნა სავარუდო კორუფციასა და გავლენის ჯგუფების კონტროლთან. შესაბამისად, ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბიზნეს დავის ირგვლივ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის ინტერესს და პროცესის მონაწილე მხარის წარმომადგენლებს, ბატონ არჩილ კბილაშვილსა და ბატონ პაატა სალიას, 2020 წლის 29 მაისს, წერილობითი მიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის თანხმობის შემთხვევაში, ორგანიზაცია შეძლებდა საკითხის სამართლებრივ შესწავლას, თუ მოხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლების გადმოცემა. წერილს 1 ივნისს არჩილ კბილაშვილის იურიდიული ფირმა გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა მასალების გადმოცემაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თავის არაერთ შეფასებაში, შერჩევითი მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფორმად სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენებას მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში კი, „ლიდერფუდთან“ მიმართებით, სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას აქვს ადგილი, რაც საქმეს ხდის საჯარო ინტერესის შემთხვევად. ორგანიზაცია არავითარ შემთხვევაში, არ განიხილავს დავის შინაარს და არ წარმოადგენს მათზე რაიმე სახის შეფასებას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს და მხარეთა შეჯიბრებითობიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთს. ორგანიზაციის მიზანია, შეაფასოს მხოლოდ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები და წარმოადგინოს ხედვა, თუ რამდენად კანონიერი, დასაბუთებული და იურიდიულად მყარი აქტია სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხის შესწავლას დაიწყებს და შეფასებას საზოგადოებისთვის გონივრულ ვადებში წარმოადგენს.

Share