Home » მსოფლიო » აშშ-ში ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს და სხვა ქვეყნებს უფასოდ გადასცემენ

აშშ-ში ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს და სხვა ქვეყნებს უფასოდ გადასცემენ

ტეხასში მდებარე გენო-ინჟინერიის კომპანია ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცია შექმნა. ამის შესახებ Fox Business იუწყება.

Greffex Inc-ის გენერალური დირექტორი ჯონ პრაისი ჟურნალ Houston Business Journal-თან აცხადებს, რომ ვაქცინაზე მუშაობა კვირას დაასრულა. ახლა მას ცხოველებზე გამოცდიან აშშ-ს ხელისუფლების მოთხოვნების შესაბამისად.

„ვაქცინის შექმნის სირთულე შემდეგში მდგომარეობს: შეგიძლიათ შექმნათ იმდენი ვაქცინა, რომ ყველას ეყოს? შეგიძლიათ გატესტოთ იგი სწრაფად და ეფექტურად? შეგიძლიათ შემდეგ ეს ვაქცინა პაციენტებს მისცეთ? ამ ყველაფერში ჩვენ სხვა კომპანიებთან შედარებით, უპირატესობა გვაქვს“,-აცხადებს ჯონ პრაისი.

თუ აშშ-ს ხელისუფლება თანახმა იქნება, დამზადდეს ვაქცინა, კომპანია მას უფასოდ გადასცემს სხვა ქვეყნებს,-აღნიშნა პრაისმა.

მისი თქმით, ვაქცინის შექმნისას არ გამოუყენებიათ უხანის ვირუსის მკვდარი ან ცოცხალი ნიმუშები. ამ მეთოდით იქმნება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამის ნაცვლად, Greffex Inc იყენებს ვექტორულ ვაქცინებს ადენოვირუსების ბაზაზე. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი გენო-ინჟინერულია.

ვაქცინა 18,9 მლნ დოლარის კონტრაქტის შედეგად შეიქმნა. კონტრაქტი ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა კომპანია Greffex-თან 2019 წლის სექტემბერში გააფორმა, მაშინ ახალი კორონავირუსი ჯერ არ იყო აღმოჩენილი. კონტრაქტი ეხებოდა, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლას. 

დღეის მონაცემებით ჩინეთის გარდა 26 ქვეყანაში 1000-მდე ინფიცირებული ადამიანის შესახებ არსებობს ცნობა. ჩინეთში კორონავირუსით 2100 ადამიანი დაიღუპა და 74 675 ინფიცირების შემთხვევაა რეგისტრირებული. 

ასევე აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი COVID-19 შესაძლოა, სიმპტომების გარეშე გავრცელდეს. ჩინეთში მსგავსი შემთხვევა დაფიქსირებულია.

20 წლის გოგო ქალაქ უხანიდან ჩრდილოეთისკენ, 700 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქში ჩავიდა და 5 ნათესავი დააინფიცირა. ხუთივე მათგანს პნევმონია განუვითარდა, თუმცა თავად გოგოს ავადმყოფობის სიმპტომები არ აღმოაჩნდა. 

Journal of the American Medical Association-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა საგრძნობლად ართულებს ვირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობებს. 

წყარო: infopostalioni.com

Share