Home » საზოგადოება » „აშშ-ში ყველა დონის არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარულია, რატომ? იმიტომ, რომ ასე უფრო „ხარისხიანი” პირები მოდიან პოსტებზე”

„აშშ-ში ყველა დონის არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარულია, რატომ? იმიტომ, რომ ასე უფრო „ხარისხიანი” პირები მოდიან პოსტებზე”

აშშ-ში ყველა დონის არჩევნები დაწყებული კონგრესიდან დამთავრებული რაიონის შერიფამდე არის მხოლოდ მაჟორიტარული. რატომ?! იმიტომ, რომ ასე უფრო “ხარისხიანი” პირები მოდიან პოსტებზე, – ამის შესახებ საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ირაკლი გოგავა წერს.

მისი თქმით, სრულად პროპორციული არჩევნების იდეა არის პარტიების და გარე ძალების ინტერესებში. საზოგადოების ინტერესი კი სხვაა.

„პარტიებს რეიტინგული პიროვნებების დეფიციტი აქვთ და ამიტომ უფრთხიან მაჟორიტარულ არჩევნებს. გარე ძალებს კი სურთ პოლიტიკურ პროცესს შედარებით ავტორიტეტული პირები ჩამოაშორონ და სულ 4-5 კაცთან ჰქონდეთ საქმე. მაჟორიტარების დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე პარტიული სიით არჩეულებისა. დღევანდელი კენჭისყრა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ არის საჭირო მჟორიტარული კომპონენტი. ეს არის ეფექტური ინსტრუმენტი გარედან თავს მოხვეული თემების დაბლოკვის.

საქართველოში მოქმედი ყველა პარტიის წევრი რომ შეკრიბო 100,000 შეიძლება არც გამოვიდეს. მოსახლეობა კი 3,7 მილიონია. რატომ უნდა ავუკრძალოთ 3,6 მილიონ ადამიანს არჩევნებში კენჭისყრა თუ მას არ უნდა არც ერთი პარტიის სიაში ყოფნა?! მაჟორიტარული წესით არჩევა კი არ არის პრობლემა, არამედ სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა.

აშშ-ში ყველა დონის არჩევნები დაწყებული კონგრესიდან დამთავრებული რაიონის შერიფამდე არის მხოლოდ მაჟორიტარული. რატომ?! იმიტომ, რომ ასე უფრო “ხარისხიანი” პირები მოდიან პოსტებზე. 4 სხვადასხვა ქვეყანაში მიმიღია მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში და ყველგან ყველა პარტია ცდილობს, რომ ყველაზე ძლიერი და ავტორიტეტული კანდიდატები მაჟორიტარებად დაასახელოს. პარტიულ სიაში ანუ პროპორციულად კი პირველი ათეულის შემდეგ “ვალოდია ჯინჭარაძეებიც” კი შეჰყავთ.

მითები იმის შესახებ, რომ მაჟორიტარები “ფეოდალები” არიან კარგად შესრულებული პიარ პროპაგანდის ნაწილია და თუ გავაანალიზებთ ყველა მოწვევის პარლამენტის შემადგენლობას, მაჟორიტარი დეპუტატების ხარისხი, ცოდნა, გამოცდილება და ავტორიტეტი ყოველთვის მეტი იყო ვიდრე სიით არჩეული პარლამენტის წევრებისა.

საქართველო ინდივიდების ქვეყანაა, პარტიულმა კულტურამ ვერ მოიკიდა ფეხი, პარტიები ვერ გახდნენ საყოველთაო და მასობრივი, იშვიათი გამოაკლისის გარდა, ყველა პარტია ერთი ინდივიდის გარშემო გაერთიანებაა. ეს კი ცალსახად მიგვანიშნებს იმაზე, რომ მაჟორიტარული წესი მინიმუმ შესანარჩუნებელია.

მართალია ხალხი პიარ პროპაგანდის მეშვეობით დაარწმუნეს იმაში, რომ მაჟორიტარები უმაქნისები და “ფეოდალები” არიან, მაგრამ იგივე ტექნოლოგიის გამოყენებით სიით არჩეული დეპუტატების უმაქნისობაში ხალხის დარწმუნებაც იოლია და ამას სულ რამდენიმე კვირა სჭირდება.

რეგიონის ხალხს სჭირდება წარმომადგენელი და ადამიანი, ვისთანაც მივა და გასაჭირს უამბობს. ამ საშუალების წართმევა არ იქნება სწორი. აჯობებს, პარტიებმა სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და მაჟორიტარებად ღირსეული კანდიდატების წარდგენაზე იზრუნონ.“,-წერს ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.

Share