Home » მსოფლიო » აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Therapeutics-მა, რომელიც მასაჩუსეტსშია ბაზირებული, კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია სატესტოდ გაგზავნა. ვაქცინა 42 დღეში შექმნეს მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში ჩინელმა მეცნიერებმა ვირუს COVID_19-ს გენეტიკური მონაცემები წარმოადგინეს.

ვაქცინის პირველი პარტია ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში გაიგზავნა, სადაც მას ტესტირებისთვის მოამზადებენ და აპრილიდან პაციენტებზე გამოცდიან. ნებრასკის უნივერსიტეტში კი უკვე დაიწყო კიდევ ერთი პრეპარატის, „რემდესივერის“კლინიკური ტესტირება.

ამჟამად მისი გამოცდა კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებზე მიმდინარეობს. პირველი პაციენტი, ვინც „რემდესივირს“ იღებს, იაპონური საკრუიზო გემიდან აშშ-ში ევაკუირებული მოქალაქეა. პრეპარატი მანამდე ცხოველებზე გამოსცადეს, რომლებიც SARS-სა და MERS-ის ვირუსებით იყვნენ ინფიცირებული.

25 თებერვალს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ  ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებისთვის მოემზადონ. 

აშშ-ში კორონავირუსის 57 შემთხვევა გამოვლინდა. 

imedinews.ge

Share