Home » მსოფლიო » აშშ-ს სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი პირბადეების „მიტაცებაში“ ადანაშაულებენ

აშშ-ს სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი პირბადეების „მიტაცებაში“ ადანაშაულებენ

ბერლინის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-მ ბერლინის პოლიციისთვის შეკვეთილი 200 000 პირბადის კონფისკაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანულ მხარეს შეკვეთილი FFP2 რესპირატორებისთვის თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა, თუმცა აშშ-მ მათი გერმანიაში გაგზავნა შეაჩერა.

ბერლინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანრდიას გეიზელმა აღნიშნული ფაქტი „თანამედროვე მეკობრეობად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტნიორებთან მსგავსი დამოკიდებულება არ შეიძლება.

„გლობალური კრიზისის დროსაც კი ველური დასავლეთის მეთოდების გამოყენება არ უნდა ხდებოდეს,“ -აღნიშნა მინისტრმა.

აშშ პირბადეების „მიტაცებაში“ დაადანაშაულეს ფრანგმა პოლიტიკოსებმაც. ილ-დე-ფრანსის რეგიონის პრეზიდენტმა ვალერი პეკრესსმა განაცხადა, რომ რეგიონისთვის განკუთვნილი პირბადებეები ჩინეთში ამერიკელებმა შეიძინეს, რომლებმაც მასში მეტი თანხა გადაიხადეს.

გარდა ამისა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შეკვეთილი პირბადეები გაცილებით მცირე რაოდენობით მიიღეს.

„გვესმის, რომ აშშ-ში მათზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ ასევეა კანადაშიც, ასე რომ ერთდ უნდა ვიმუშავოთ,“- განაცხადა ტრუდომ.

შეგახსნებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან „თავდაცვის წარმოების შესახებ“ კანონის ფარგლებში ამერიკულ კომპანიებს დაავალა, უფრო მეტი სამედიცინო პროდუქტი აწარმოონ და შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყონ.

”ჩვენ გვჭირდება ეს ნივთები დაუყოვნებლივ საშინაო მოხმარებისთვის. ჩვენ ის უნდა გვქონდეს,” – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ipn.ge

Share