Home » საზოგადოება » აშშ-ის დაფინანსებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში სკოლა გაიხსნა

აშშ-ის დაფინანსებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში სკოლა გაიხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში სრულად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. სოფელი ქვეშის საჯარო სკოლა, სადაც 247 მოსწავლე სწავლობს, საოკუპაციო ხაზიდან 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სრულად გარემონტდა 3-სართულიანი შენობა, განახლდა ინტერიერი, შეკეთდა კიბეები და სახურავი, განხორციელდა გარე ფასადის საიზოლაციო სამუშაოები, გარემონტდა საპირფარეშოები, დამონტაჟდა წყლის, საკანალიზაციო და გათბობის ახალი სისტემები და ელექტროგაყვანილობა. ასევე, მოეწყო სკოლის ეზო და შეკეთდა სანიაღვრე სისტემა.

სოფელი ქვეშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ფინანსურად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საგარეო კატასტროფების, სამოქალაქო და ჰუმანიტარული დახმარების (OHDACA) ფონდმა უზრუნველყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ დაახლოებით 800 000 აშშ დოლარი შეადგინა.

Share