Home » მსოფლიო » „აქოთებულ ოთახებში ჩაკეტვით ხალხს ვკლავთ” – რატომ ამბობს ლუკაშენკო კარანტინზე უარს

„აქოთებულ ოთახებში ჩაკეტვით ხალხს ვკლავთ” – რატომ ამბობს ლუკაშენკო კარანტინზე უარს

ბელარუსი შვედეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელიც კოვიდ-19 ინფექციის გამო, მასობრივი იზოლაციის წინააღმდეგია – მსოფლიო პანდემიის ფონზე, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საზოგადოების ოთახებში გამოკეტვას მიუღებლად მიიჩნევს.

„ამ აქოთებულ ოთახებში ჩაკეტვა – ეს მეთოდი არაა, ჩვენ ამ ოთახებში ხალხს ვკლავთ, ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ და გვახსოვს, რომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისას, ან გრიპის დროს უნდა ვიაროთ გარეთ, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ოთახები გავანიავოთ” – განაცხადა ლუკაშენკომ ეროვნული ასამბლეის რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე ნატალია კოჩანოვასთან, რომელსაც ბელარუსული სააგენტო „ბელტა” ციტირებს.

ლუკაშენკო ასევე აღნიშნავს, რომ ჩაკეტილ ოთახებში მყოფი ადამიანები, ხშირად ვირუსულ ატმოსფეროში არიან და არავინ არ იცის ისინი ჯანმრთელები არიან, თუ უკვე დავირუსებულები, რის შედეგადაც მისი აზრით, ხშირად მკურნალობა დაგვიანებულიც კი არის ხოლმე.

„ზუსტად ამიტომაც არ მესმის მათი, ვინც დღეს იზოლაციას, დაკეტვას, დაბლოკვას არჩევს, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით” – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მან კორონავირუსზე ტესტი არ ჩაიტარა.

მანამდე პრეზიდენტმა კოჩანოვასთან განაცხადა, რომ ქალაქ ვიტებსკში კორონავირუსით ათი ექიმი დაინფიცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყველა მეზობელმა კოვიდ-19 ინფექციის გამო საზღვრები ჩაკეტა, ბელარუსის საზღვრები ისევ ღიაა, ქვეყანაში შესულთათვის 2-კვირიანი კარანტინი მოქმედებს.

ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები აკრძლულია არაა, რასაც ასობით გულშემატკივარი ესწრება. თავად პრეზიდენტი ლუკაშენკოც საჯაროდ გამოჩენას არ ერიდება, მეტიც ყინულის ჰოკეისაც თამაშობს.

“უმჯობესია ფეხზე მდგომი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დაჩოქილმა იცხოვრო. ეს მაცივარია, ეს ჯანსაღია, სპორტზე უკეთესი არაფერია, განსაკუთრებით ყინულზე, რომელიც ნამდვილი ვირუსის საწინააღმდეგო წამალია” – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ქვეყანაში ბარები რესტორნები და საჯარო თავშეყრის ადგილები კვლავ ფუნქციონირებს. ბელორუსში კორონავირუსით ინფიცირების 160-ზე მეტი შემთხვევა, ოფიციალურად დადასტურებული გარდაცვალების ერთი შემთხვევაა.

მსოფლიოში კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსული პანდემიის ფონზე საკარანტინო რეჟიმი არ არსებობს, ეს შვედეთია – ამ ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებები, ბარები, რესტორნები და მაღაზიები ფუნქციონირებას ისევ განაგრძობენ.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლევენი ამ ვითარებას იმით განმარტავს, რომ შვედი ხალხი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ზომებს თავად დაარეგულირებენ.

თამთა ჩაჩანიძე
“რეზონანსი”

Share