Home » საზოგადოება » აფბას ანალიტიკოსი ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული ჩემპიონატის განახლებისკენ მოუწოდებს

აფბას ანალიტიკოსი ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული ჩემპიონატის განახლებისკენ მოუწოდებს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებისკენ მოუწოდებს.

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“გასულ უქმეებზე ბებერ კონტინენტზე ფეხბურთი დაბრუნდა.

გერმანია პირველი ქვეყანაა ევროპაში იმ ბობოლა საფეხბურთო ქვეყნებიდან, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში განაახლა ბუნდესლიგის გათამაშება, დახურულ კარს მიღმა.

ეტაპობრივად იგეგმება იმ სხვა ქვეყნების ჩემპიონატების განახლება, რომლებსაც ქვეყნის საფეხბურთო პირველობა დასრულებულად არ გამოუცხადებიათ.

აქამდე, სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს მსოფლიო მასშტაბით – ბელორუსი, ფარერები, სამხრეთ კორეა, ტაივანი, თურქმენეთი.

საქართველოში პანდემიური პროცესის მართვის წარმატებულ პრაქტიკაზე არაერთხელ აღინიშნა და დაიწერა უცხოურ მედიაში. ის ტენდენციები, რასაც ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. ყველა კრიზისი ახალი შესაძლებლობების გაჩენის პერსპექტივაა და ვფიქრობ, ამ პირობებში, ურიგო არ იქნებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეფიქრა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის აღდგენაზე, იმაზე ადრე, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებს აქვთ დაგეგმილი, რადგან ჩვენ პანდემიური პროცესის მართვის კუთხით გაცილებით კარგი შედეგები გვაქვს.

და რას მოგვცემს ეს?

– გაიზრდება ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის ცნობადობა;
– გაიყიდება ტრანსლირების ლიცენზიები;
– კლუბებში დასაქმებული ადამიანები განაახლებენ მუშაობას;
– კლუბებს ახალი სპონსორების მოზიდვის პერსპექტივა გაუჩნდებათ;

– ჩვენს ფეხბურთელებს იმაზე მეტი სკაუტები დააკვირდება, ვიდრე ჩვეულებრივ, რაც მათ მოტივაციას გაზრდის და შესაბამისად, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მათზე მოთხოვნის გაზრდის შანსია;
– გაიზრდება კლუბების სპონსორების ცნობადობა, რაც ამ კომპანიებისთვის ძალიან კარგი იქნება;
– საქართველოს, როგორც დაცული ქვეყნის პოზიციონირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება;

მოკლედ, კიდევ ბევრი სასიკეთო რამ მოჰყვება ამ პროცესს სამომავლოდ.

ამიტომ, ურიგო არ იქნებოდა ამ მხრივაც იყოს ისეთი გეგმა, სადაც ვირუსთან ბრძოლის დადებითი შედეგების კონვერტირება მოხდება მანამ, სანამ დანარჩენი ჩვენზე მეტად განვითარებული ქვეყნები კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ, რომლითაც კიდევ უფრო გაიზრდება სხვაობა ჩვენსა და მათ შორის.

პ.ს. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დადებითი დინამიკის სხვადასხვა საკითხებსა და სექტორებში კონვერტირება შესაბამისი პრევენციული დათქმების საფუძველზე მალევე უნდა დავიწყოთ”, – წერს აფბას ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

Share