Home » საზოგადოება » არ მგონია, რომ მოაზროვნე თურქებს მოეწონოთ ერდოღანის გადაწყვეტილება – ირაკლი გოგავა

არ მგონია, რომ მოაზროვნე თურქებს მოეწონოთ ერდოღანის გადაწყვეტილება – ირაკლი გოგავა

“არ მგონია, რომ მოაზროვნე თურქებს მოეწონოთ ის გადაწყვეტილება, რაც თურქეთის პრეზიდენტმა მიიღო, რომელმაც “აია სოფიას” გაუუქმა მუზეუმის სტატუსი და ამ დღეებში მეჩეთად გადააკეთა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა აცხადებს.

“1453 წელს თურქ-ოსმანებმა აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) დედაქალაქი კონსტანტინოპოლი ორთვიანი ალყის შემდეგ დაიკავეს. იმ ჟამიდან საქართველოს პირდაპირი და რეგულარული კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან შეწყდა. ევროპული და ქრისტიანული ბიზანტიის ნაცვლად აღმოსავლეთიდან აზიური წარმოშობის მაჰმადიანი ხალხი დაგვიმეზობლდა, რამაც ჩვენი სამშობლოს სვე-ბედი რადიკალურად შეცვალა. ქრისტიანულმა სამყარომ კი “მესამე რომის” ძიება დაიწყო.

კონსტანტინოპოლში საკათედრო ტაძარი “აია სოფია” დღევანდელი სახით იმპერატორმა იუსტინიანემ მე-6 საუკუნეში ააგო და ის იმ დროისთვის ყველაზე დიდი ქრისტიანული ტაძარი იყო. 1453 წელს კონსტანტინოპოლის ოსმანთა მიერ დაპყრობის შემდეგ სულთანმა მეჰმედ II-მ მეჩეთად გადააკეთა. 1935 წელს მუსტაფა ქემალ ათა თურქმა კი “აია სოფიას” მუზეუმის სტატუსი მიანიჭა.

კონსტანტინოპოლში ბევრი მეჩეთია და ბევრიც შენდება მთელ თურქეთში. საქართველოში, თურქეთში და რეგიონში მორწმუნე მაჰმადიანებს შორის ბევრი ჩვენი ძმაა, სისხლი და ხორცი – ისინი ჩვენს პატივისცემას და თანადგომასაც იმსახურებენ. კარგია, როცა მორწმუნე ადამიანს (არა აქვს მნიშვნელობა კონფესიას) აქვს საშუალება მივიდეს საკულტო ნაგებობაში, ილოცოს და ეცადოს თავისი რელიგიის წესებით იცხოვროს. საბოლოო ჯამში ეს მეტ მშვიდობას, სამართლიანობას, სიკეთეს და სიქველეს ნიშნავს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდეს სხვისი რელიგიური გრძნობების დაკნინების ხარჯზე.

“აია სოფია” არ აშენებულა როგორც მეჩეთი! ის ქრისტიანული ტაძარია! არ მგონია, რომ მოაზროვნე თურქებს მოეწონოთ ის გადაწყვეტილება, რაც თურქეთის პრეზიდენტმა მიიღო, რომელმაც “აია სოფიას” გაუუქმა მუზეუმის სტატუსი და ამ დღეებში მეჩეთად გადააკეთა. მცირედი იმედი მაინც მრჩება, რომ თურქეთის რელიგიური ლიდერები სიბრძნეს გამოიჩენენ და არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. ცნობილმა თურქმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ორჰან ფამუკმა უკვე დაგმო ეს გადაწყვეტილება.

ეს იმ დონის პრობლემური გადაწყვეტილებაა, რომ ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იმსჯელონ. “აია სოფია” UNESCO- ს ნუსხაშია შესული. ამ გეგმის ბოლომდე რეალიზაციის შემთხვევაში კი სასურველი იქნებოდა, მივმართოთ “გაერო-ს გეოგრაფიული ინფორმაციის სამუშაო ჯგუფს”, “საერთაშორისო კარტოგრაფიულ ასოციაციას”, “ტოპონიმიკის საერთაშორისო კომისიას”, “ატლასების კომისიას”, სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიულ საზოგადოებებს და შესაბმის კარტოგრაფიულ და სამეცნიერო ცენტრებს რეკომენდაციით: რუქებსა და ატლასებზე გამოყენებულ იქნას ტოპონიმი “კონსტანტინოპოლი”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი გოგავა.

Share