Home » საზოგადოება » არჩილ კბილაშვილი საქალაქო სასამართლოს განცხადებას პასუხობს და „ლიდერფუდის“ საქმეზე მის ოპონენტ პაატა სალიას ტელედებატებში იწვევს

არჩილ კბილაშვილი საქალაქო სასამართლოს განცხადებას პასუხობს და „ლიდერფუდის“ საქმეზე მის ოპონენტ პაატა სალიას ტელედებატებში იწვევს

2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თავის მხრივ, კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ 29 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციას მოჰყვა, ადვოკატი საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა. კბილაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემს მიერ 29 მაისს ჩატარებულ პრეს-კონფერენციას გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან.

უწინარეს ყოვლისა, გამოვხატავ ჩემს პატივისცემას, როგორც სასამართლო ხელისუფლებისადმი, ასევე მოწინააღმდეგე მხარისადმი. 

აღნიშნულის მიუხედავად, ვაცხადებ, რომ გადაწყვეტილებები რომლებიც ბატონმა ლაშა ქოჩიაშვილმა (თბილისის საქალაქო სასამართლო) და ბატონმა გენადი მაკარიძემ (თბილისის სააპელაციო სასამართლო) მიიღეს, უპრეცედენტოდ უკანონოა, რის დასამოწმებლად მხოლოდ რამდენიმე ფაქტს მოვიხმობ. 

ზემოაღნიშნული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დავით ზეიკიძეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე (დაუსწრებელი გადაწყვეტილებით) ჩამოერთვა დაახლოებით 10-15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქონება და იგი მოწინააღმდეგე მხარეს გადაეცა. 

კანონის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოდის მაშინ, როცა მოპასუხეს სარჩელი ჩაბარდება და იგი შესაგებელს არ შეიტანს. კანონი მოითხოვს, რომ სარჩელი მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს სასამართლო უწყებასთან ერთად (იხ. სსსკ 72.2), ხოლო ჩაბარების დადასტურება უნდა მოხდეს უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით (იხ. სსსკ 73.8). საქმეში არ არსებობს უწყების მეორე ეგზემპლარი.შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სამართლებრივად დაუშვებელი იყო.

სამოქალაქო დარგის სპეციალისტებმა იციან, რომ სარჩელი მოპასუხეს გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს კონვერტით, რომლის ყდის მნიშვნელოვანი ნაწილი ლურჯი ფერისაა. კონვერტი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იქნა ჩაბარებული არის სრულიად თეთრი ფერის. არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეო მასალა. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ფაქტობრივად დაუშვებელი იყო.

მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ემსახურებოდა იმის დადასტურებას, რომ დავით ზეიკიძეს სარჩელი ჩაბარდა. ეს დასკვნა მომზადდა 1 დღეში. საქმეში არის ამავე ბიუროს მიერ გაცემული ცნობა, რომ არასდროს ამ დასკვნის გამცემ სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა 1 დღეში (მომართვის დღესვე) არ გაუცია. ეს იმას ნიშნავს, რომ დასკვნა მომზადდა უპრეცედენტოდ არაგონივრულ დროში (დასკვნის შინაარსი ცალკე კრიტიკის საგანია, მაგრამ მას ახლა არ შევეხები).  შესაბამისად, ასეთი ექსპერტის დასკვნა არის ტოქსიკური. ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ეს დასკვნა გამოიყენა.  

როცა ბატონმა ლაშა ქოჩიაშვილმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, მაშინ ისიც და ბატონი გენადი მაკარიძეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები იყვნენ, ხოლო როდესაც ბატონმა გენადი მაკარიძემ სააპელაციო სასამართლოს სახელით გადაწყვეტილება გამოიტანა, მაშინ ბატონი ლაშა ქოჩიაშვილიც და ბატონი გენადი მაკარიძეც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ერთი შემადგენლობის მოსამართლეები იყვნენ. ანუ კოლეგა მოსამართლემ მისი უშუალო კოლეგა მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივარი  განიხილა.

ეს იყო ის საგნობრივი თემები, რაზეც მე 29 მაისის პრესკონფერენციაზე ვისაუბრე. სამწუხაროდ, არც მოწინააღმდეგე მხარისაგან და არც თბილისის საქალაქო სასამართლოსაგან ამ კონკრეტულ საკითხებზე განმარტება არ გაკეთებულა.   

კორუფცია ლათინური სიტყვაა და ქართულად შერყვნას, გაფუჭებას, დამახინჯებას ნიშნავს. მე ამ საქმეში ბევრ დამახინჯებას ვხედავ. ამიტომაც, ვაცხადებ, რომ მე ამ საქმეში კორუფციის ნიშნებს ვხედავ.

ყოველგვარი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად, მე მთელი საქმის მასალებს თავისი ვიდეო მასალებით ვასაჯაროვებ და მათ ვანთავსებ იურიდიული კომპანია MKD law -ის ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/MKDLaw279792802074185/?ref=br_rs). დაე, ყველა მსურველმა თავად ნახოს და განსაჯოს.

ის, რასაც ჩვენი მხარე სასამართლოსაგან ითხოვს არის ერთადერთი: განიხილე საქმე და გადაწყვეტილება ისე გამოიტანე. სულ ეს არის. 

ძველი რომაელები ამბობდნენ: მოუსმინე ორივე მხარეს. ამიტომ, ცალმხრივობის თავიდან ასაცილებლად, ვთავაზობ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატებს, იქნება ეს ბატონი პაატა სალია, თუ ამ საქმის ნებისმიერი სხვა ადვოკატი, საჯარო ტელედებატს პირდაპირ ეთერში მათთვის მისაღებ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ტელეეთერში“, – აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

Share