Home » ახალი ამბები » „არქის“ მასშტაბური სოციალური პროექტები კორონავირუსის წინააღმდეგ

„არქის“ მასშტაბური სოციალური პროექტები კორონავირუსის წინააღმდეგ

დეველოპერული კომპანია „არქი“ კორონა ვირუსთან საბრძოლველად მასშტაბურ ღონისძიებებს იწყებს. პირველივე ეტაპზე არქიმ 30 000 ლარი გამოყო სხვადასხვა აქტივობისთვის, თუმცა შემდგომ ვითარებიდან გამომდინარე კომპანიის პარტნიორებმა და გუნდმა მიიღეს გადაწყვეტილება და ეს თანხა საგრძნობლად გაზარდეს. ამ ეტაპისთვის არქის 300 000 ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი სხვადასხვა ტიპის დახმარებისთვის.

კომპანიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა გადასცა. ასევე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა.

„მინდა მადლობა გადავუხადო არქის, იმისთვის, რომ ჩვენ გვერდით დგანან იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია”, – ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე.

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები სხვა მიმართულებითაც გაიშალა. არქი მერიის ინიციატივას შეუერთდა და 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები გადასცა. პროდუქციის დარიგებაში წითელი ჯვრის მიერ გადამზადებულ მოხალისეებთან ერთად არქელებიც აქტიურად იყვნენ ჩართული.

„მადლობას ვუხდი კომპანია „არქის“ მიმდინარე პროცესებში წვლილის შეტანისთვის. თითოეული კომპანიის ჩართულობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საერთო საქმისთვის. მოგეხსენებათ, კორონავირუსის პერიოდში ხანდაზმულები რისკჯგუფში მოიაზრებიან, სწორედ ამიტომ თბილისის მერიის ინიციატივით, მათ ყველა საჭირო პროდუქციას სახლში მივაწოდებთ, რათა არ მოუწიოთ სახლიდან გამოსვლა“ – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობს, დაინტერესებულ პირებს კი პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა.

Share