Home » საზოგადოება » არასწორი მენეჯმენტის შედეგად დაპაუზებული ინტერნეტიზაციის პროექტი
არასწორი მენეჯმენტის შედეგად დაპაუზებული ინტერნეტიზაციის პროექტი

არასწორი მენეჯმენტის შედეგად დაპაუზებული ინტერნეტიზაციის პროექტი

პროექტის დაწყებიდან დაახლოებით 2 წელი გავიდა, თუმცა ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელი ჯერ-ჯერობით არცერთ სოფელში არ არის გაყვანილი

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ 2015 წელს დაანონსდა და 2016 წელს ოფიციალურად დაიწყო მისი განხორციელება. პროექტს  ა(ა)იპ OPEN NET-ი ახორციელებს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” მიერ 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნდა.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ფონდი ქართუ” აფინანსებს და მის განსახორციელებლად დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება, რაც  მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს 10 რეგიონის 500-მდე სოფლისთვის, ხოლო საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს 2000 სოფელში შევა და მთლიანობაში ხელმისაწვდომი მოსახლეობის 90%-სთვის გახდება.  OპენNეტ-მა უნდა შექმნას ღია დაშვების წერტილები, რომლებზე წვდომაც ყველა ინტერნეტოპერატორს ექნება. სწორედ ოპერატორებმა უნდა მიიყვანონ კაბელები მოსახლეობამდე და მათ მიაწოდონ საბოლოო პროდუქტი.

მივიწყებული ინტერნეტიზაცია

პროექტი, რომლითაც ხელისუფლება 2014 წლის არჩევნების შემდეგ მუდმივად თავს იწონებდა, რომელის შედეგადაც  2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა, ბოლო პერიოდში თითქოს მივიწყებას მიეცა. მასზე აღარც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ და არც “ოფენ ნეტის” წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულა რაიმე განცხადება მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ზოგადად, “ოფენ ნეტის” მენეჯმენტი საზოგადოებისთვის, ნაკლებად ცნობილია, ვინაიდან ისინი საჯარო სივრცეში ფაქტობრივად არ ჩნდებიან. არადა, საყოველთაო ინტერნეტიზაცია ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური და იმედისმომცემი პროექტია, რომელმაც ინტერნეტზე წვდომის საშუალება უნდა მისცეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, გარდა ამისა, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის შანსი უნდა გააჩინოს, რაც უზრუნველყოფს კონკურენციას და შესაბამისად ფასების შემცირებას გლობალური ინტერნეტის ბაზარზე.

პროექტმა დაანონსებისთანავე  საზოგადოებაში უდიდესი მოწონება დაიმსახურა. მას იწონებდნენ როგორც რეგიონებში მოღვაწე ბიზნესმენები, ასევე სფეროს სპეციალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა, ვინაიდან ჩნდებოდა საშუალება, რომ ფაქტობრივად მთელი საქართველო დაფარულიყო ინტერნეტით, რაც  ხელს შეუწყობდა ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობას გამოიყვანდა მხოლოდ სატელევიზიო ინფორმაციის ვაკუმიდან.

პროექტის ირგვლივ არსებული, დაახლოებით, ერთ წლიანი დუმილის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან კომენტარი 2017 წლის დეკემბერში გაკეთდა, როდესაც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ოპტიკური ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყებოდა, თუმცა რას აკეთებდა 2 წლის განმავლობაში “ოფენ ნეტი” და როგორ უნდა მოხერხდეს 2 წელიწადში 2000 სოფლის ინტერნეტით უზრუნველყოფა ამის შესახებ არაფერი თქმულა. არც კონკრეტული ვადები დასახელებულა თუ როდის, რომელი სოფელი დაიფარებოდა ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელით.

როგორც ჩანს, მინისტრმა უბრალოდ შეახსენა საზოგადოებას, რომ ასეთი პროექტი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა მისი განხორციელება, რომ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ესეც ცხადია.

“ოფენ ნეტი” – არსად ჩანს, არავინ იცის რას აკეთებს

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში, ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს მისი განმახორციელებელი სახელმწიფო კომპანია “ოფენ ნეტი” აჩენს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, არავინ იცის თუ რა გეგმები აქვთ კონკრეტულად აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს, რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები, როდის დაიწყება ქსელის გაყვანა, ან რაში დაიხარჯა 2 წლის განმავლობაში დრო და ფინანსები. საზოგადოებისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ “ოფენ ნეტის” დირექტორია ნინო ქუბიანიძე, თუმცა იგი მედიაში ფაქტობრივად არასდროს ჩნდება. მის შესახებ საზოგადოებაში არაფერია ცნობილი, გაურკვეველია თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა იგი ამ პოსტზე და რამდენად გააჩნია მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის საჭირო კვალიფიკაცია.

თავად “ოფენ ნეტის” ვებ–გვერდზე უკანასკნელი სიახლე 2016 წელს განთავსდა ხოლო სოციალურ ქსელში მხოლოდ რამდენიმე ინფორმაციაა გამოქვეყნებული იმის შესახებ, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, “ოუფენ ნეტმა”  გამოაქვეყნა სახელმწიფო შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. კომპანიის წარმომადგენლები მედიასთან ფაქტობრივად არ კონტაქტობენ და თავს არიდებენ პროექტის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას.

არადა, ინტერნეტიზაცია იმდენად მასშტაბური და საყოველთაოდ აღიარებული პროექტია, რომ მასზე მუდმივად უნდა ისმოდეს მედიაში, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ თუ რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები, დაგეგმილი უნდა იყოს ყოველი დღე და კომპანია მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს იმას, რომ დაგეგმილ ვადებში მოხერხდეს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება. არსებული სუსტი მენეჯმენტის შედეგად კი საზოგადოებაში ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამამ კრახი განიცადა.

საინტერესოა რას ფიქრობს თავად ბიძინა ივანიშვილი, ან დაინტერესდა თუ არა იმით თუ რაში დაიხარჯა მის მიერ გამოყოფილი თანხები 2 წლის განმავლობაში, რატომ ვერ მივიღეთ ვერანაირი კონკრეტული შედეგი დღემდე ამ მიმართულებით და როდემდე უნდა აანონსებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები იმას, რომ ქსელის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება.

უკვე 2 წელი გავიდა და ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა, წინ კიდევ 2 წელია, თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ ამ ორ წელიწადში მოესწროს პროექტის განსაზღვრულ ვადებში განხორციელება.

პაუზა, რომელიც დანაშაულის ტოლფასია

რამდენად მნიშვნელოვანია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, რამდენად შესაძლებელია პროექტის დათქმულ ვადებში შესრულება და რამდენად ქმედითუნარიანი ნაბიჯები გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან ინტერნეტიზაციის პროგრამის მიმართულებით, ამ კითხვებით “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ვიცე–პრეზიდენტს, გიორგი კაპანაძეს მივმართეთ.

როგორც აფბას ვიცე–პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, პროექტმა დაანონსებისთანავე საზოგადოებაში საკმაოდ დიდი იმედები გააჩინა და ახლა მისი არ განხორციელება ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ტოლფასი იქნება. გარდა ამისა, კაპანაძისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ გვაქვს 2 წლის შემდეგ კონკრეტული შედეგები ამ კუთხით.

“საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური და იმედისმომცემი პროექტია. ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში საქართველოს მოსახლეობის ნახევარს, რომ ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, ეს ნამდვილად მძიმე სურათია.  შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო მისასალმებელი და იმედისმომცემი. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაჩნდებოდა საერთო ოპტიკურ–ბოჭკოვანი ქსელი, რომელიც გააჩენდა კონკურენციას და ახალ მოთამაშეებს  ბაზარზე შემოსვლისკენ უბიძგებდა.

თუმცა, პროექტის დაწყებიდან უკვე საკმაოდ დრო გავიდა, ჩვენ კი კონკრეტული შედეგები არ გვაქვს. არ ვიცით რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში და როგორია ინტერნეტიზაციის განმახორციელებელი კომპანიის სამომავლო გეგმა. უკვე საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება პროექტის ირგვლივ, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა პროექტი გაჩერდა ან დროებით დაპაუზდა, რაც იმედია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის არგანხორციელება ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ტოლფასი იქნება.

ახალგაზრდა ფინანსისტები დავინტერესდით აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობით,  ვგეგმავთ მივმართოთ კომპანია “ოფენ ნეტს”, გამოვითხოვოთ მათგან კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები, ან როდის მოხდება კონკრეტულად სოფლების დაფარვა ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელით და როდესაც მათი მხრიდანაც გვექნება პასუხები, ამის შემდეგ კიდევ უფრო დეტალურად შევძლებთ ამ პროექტზე საუბარს” – აცხადებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე–პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე.

მოკლედ, პროექტი რამდენად მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა აღარცაა საჭირო, მთავარია მის განსახორციელებლად ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდეს და ის 2 წლიანი პაუზა, რაც არსებობს რამენაირად გამოსწორდეს, საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები, თორემ სხვაგვარად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული 100 მილიონიანი პროექტი კრახის წინაშე აღმოჩნდება, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება, როგორც ხელისუფლების, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის.

გიორგი რანი

Share