Home » საზოგადოება » არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი – ლაშა ხუციშვილი

არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი – ლაშა ხუციშვილი

“ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც საბოლოოდ ამახინჯებს რეალურ სურათს”, – ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას სიგარეტის შესაძლო 15 ლარამდე გაძვირებას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “ბანკები და ფინანსები” უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც საბოლოოდ ამახინჯებს რეალურ სურათს. ჩამოვწეროთ მხოლოდ ფაქტები:

1️⃣ არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი. ითქვა მხოლოდ ის, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი უბრალოდ ფაქტია და ვისაც კითხვა არ ეზარება მარტივად გადამოწმებადია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0

2️⃣ არსებობს ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივა თამბაქოს აქციზის განაკვეთების შესახებ, რომელიც აწესებს თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის მინიმალურ განაკვეთს, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისათვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/…

3️⃣ საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2022 წელი (2014 + 8 წელი).

4️⃣ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით (მათ შორის: რეგიონული კონტექსტი, არალეგალური ვაჭრობის რისკები და ა.შ.) 2018 წელს გაიმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ვალდებულების შესრულება საქართველოსთვის გადაიწია 2026 წლამდე (2018 + 8 წელი).

5️⃣ დღეს, ანუ როცა ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადამდე მინიმუმ 6 წელია დარჩენილი, მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია და მეტი არაფერი.

6️⃣ 2022 წლამდე საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულების შესრულებისთვის ამჟამად განსაზღვრული ვადა რეალისტურია თუ არა, უბრალოდ ნაადრევია. შეიძლება ბევრს ჰქონდეს იმის განცდა რომ საკითხი ისედაც ცხადია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ხდება იმ კონკრეტულ მომენტში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე და არა პროგნოზების და მითუმეტეს მკითხაობის საფუძველზე.

7️⃣ მითუმეტეს, მაშინ როცა 2022 წლამდე საერთოდ არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით, მხოლოდ იმის გამოტანა ნიუსად რომ საქართველოში სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ოდესღაც შეიძლება 5 ლარი გახდეს, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება.

პ.ს. მწეველები – შეიძლება მშვიდად ვიყოთ და ამის გამო მოწევას არ მოვუმატოთ. ისინი ვინც არ ეწევიან და მხოლოდ საეჭვო წყაროებიდან წამოსული ნიუსების გავრცელებით ერთობიან – მინიმუმ კარგი იქნება თუ გართობასთან ერთად სიგარეტს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტად არ გამოაცხადებენ”, – წერს ლაშა ხუციშვილი.

Share