Home » ეკონომიკა » აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იანვარ-აპრილის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -3.6%-ს შეადგენს.

„წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 4 თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, 2020 წლის აპრილში შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებით.

ამასთან, აპრილში საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 39%-ითაა შემცირებული. კლება ფიქსირდება საწარმოთა რეგისტრაციის კუთხითაც. როგორც “საქსტატის” დირექტორი აცხადებს, აპრილში სულ 307 საწარმო დარეგისტრირდა , რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებელს 93%-ით ჩამორჩება.

Share