Home » მსოფლიო » აპარატი, რომლითაც ტვინში NEURALINK-ის ჩიპებს ჩანერგავენ

აპარატი, რომლითაც ტვინში NEURALINK-ის ჩიპებს ჩანერგავენ

კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა საზოგადოებას თავისი ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Neuralink-ის ჩიპი და მისი ტვინში იმპლანტაციისთვის განკუთვნილი აპარატი წარუდგინა. 

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის მიერ დაარსებული კომპანია უკვე რამდენიმე წელია, ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენენ. მეცნიერთა მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ასევე ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა.

Neuralink-ში მომუშავე ინჟინრებისა და ამერიკული კომპანიის Woke Studios დიზაინერების საერთო ძალისხმევით შექმნილი ავტომატიზებული ქირურგიული სისტემა თითქმის 2.5 მეტრი სიმაღლისაა. ადამიანის ორგანიზმში 1024 უთხელესი, სულ რაღაც 5 მიკრონი სისქის ელექტროდის ადგილობრივი ანესთეზიით ჩანერგვა მას დაახლოებით ერთ საათში შეუძლია. ჯერჯერობით მათი ინტეგრაცია მხოლოდ ტვინის ზედა ნაწილთან – ქერქთანაა შესაძლებელი, თუმცა კომპანიაში ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ მალე თავის ქალაში უფრო ღრმად განლაგებულ ტვინის სტრუქტურებამდეც მიაღწევენ.

1. ტვინში ჩიპების იმპლანტაციისთვის განკუთვნილი აპარატი

ფოტო: Woke Studios
ფოტო: Woke Studios

2. ტვინში ჩიპების იმპლანტაციისთვის განკუთვნილი აპარატი

ფოტო: Woke Studios
ფოტო: Woke Studios

3. ტვინში ჩიპების იმპლანტაციისთვის განკუთვნილი აპარატი

ფოტო: Woke Studios
ფოტო: Woke Studios

4. ტვინში ჩიპების იმპლანტაციისთვის განკუთვნილი აპარატი

ფოტო: Woke Studios
ფოტო: Woke Studio

5. ტვინში ჩიპების იმპლანტაციისთვის განკუთვნილი აპარატი

ფოტო: Woke Studios
ფოტო: Woke Studios

აპარატი სულ ხუთ ღერძზე ბრუნავს, რაც ოპერაციის მსვლელობისას ზუსტ მოძრაობებს უზრუნველყოფს. მისი ზედა ნაწილი, რომელიც კამერებითა და სენსორებით აღჭურვილი, ქსოვილში ულტრათხელი ელექტროდების მოსათავსებელი ნემსის სწორი მიმართულებით გადაადგილებას აკონტროლებს, ქვედა მხარე კი დანადგარის წონას ანაწილებს და მას მუშაობისთვის საჭირო ენერგიას აწვდის. 

მოწყობილობის დიზაინი სპეციალისტებმა მის კლინიკურ დანიშნულებას შეუსაბამეს და ტექნოლოგიის ფუტურისტული ხასიათის გამოკვეთასაც შეეცადნენ. ახლად წარდგენილი აპარატი ქირურგიულ ჩარევას ავტონომიურად ახორციელებს, რაც Neuralink-ის მთავარი ამოცანა იყო. ის რამდენიმე ცხოველის ტვინში ჩიპის ჩასადგმელად უკვე წარმატებით გამოცადეს.

იუთუბის არხზე მიმდინარე ტრანსლაციის დროს მასკმა მაყურებელს ღორი, სახელად გერტრუდა წარუდგინა, რომელსაც პრეზენტაციამდე ორი თვით ადრე ჩიპი Link 0.9 ტვინის იმ ნაწილში ჩაუნერგეს, რომელიც მის დინგთანაა დაკავშირებული. როდესაც ცხოველი რამეს ყნოსავდა ან ჭამდა, კომპიუტერი მისი ტვინიდან მომავალ ძლიერ სიგნალებს აფიქსირებდა, რომლებიც ეკრანზე ჩნდებოდა, ღორის მოძრაობისას კი მოწყობილობა მისი კიდურების ადგილმდებარეობას მაღალი სიზუსტით განსაზღვრავდა. 

პრეზენტაციის დროს გერტრუდას ტვინიდან მომავალი სიგნალები ეკრანზე ჩნდებოდა. წყარო: Neuralink
პრეზენტაციის დროს გერტრუდას ტვინიდან მომავალი სიგნალები ეკრანზე ჩნდებოდა. წყარო: Neuralink

23 x 8 მილიმეტრი ზომის ჩიპი Link 0.9 მონეტის ფორმისაა და ტვინს Neuralink-ის სპეციალისტების მიერ შემუშავებული სადენებით უკავშირდება. ის ელექტროდების მიერ დაჭერილ სიგნალებს აგროვებს, რომლებსაც უსადენო კავშირით 10 მეტრამდე მანძილზე გადასცემს და არა მხოლოდ ტემპერატურისა თუ წნევის გაზომვა და პაციენტის მოძრაობებისთვის თვალის დევნება, არამედ პოტენციურად ინფარქტისა და ინსტულტის ადრეული დიაგნოსტიკაც შეუძლია.

მასკის თქმით, უახლოეს დროში Neuralink-ის მოწყობილობას ცხოველების გარდა ადამიანებზეც გამოცდიან. თავდაპირველად ჩიპის იმპლანტაცია ძალზე ძვირი ეღირება, თუმცა თანდათან მისი ფასი რამდენიმე ათას აშშ დოლარამდე შემცირდება. ახალი მოდელების გამოსვლასთან ერთად მომხმარებლები საკუთარ მოწყობილობებს განაახლებენ. კომპანიას ისეთი ტექნოლოგიის შექმნა აქვს განზრახული, რომლის საშუალებითაც ჩიპების ამოღება და შეცვლა მარტივი პროცედურით იქნება შესაძლებელი.

წყარო: POPX.GE

Share