Home » ეკონომიკა » „ანტიკრიზისული ბიუჯეტი მომზადებულია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ“

„ანტიკრიზისული ბიუჯეტი მომზადებულია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ“

„ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია იძლევა საშუალებას, უფრო რთულ ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ შემთხვევაში დაფინანსდეს როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე საუბრისას.

მისი განცხადებით, ბიუჯეტში სრულადაა ასახული 3.4 მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, რომელიც ანტიკრიზისული გეგმით დასაფინანსებელი ღონისძიებებისთვის არის საჭირო.

„ბევრი აბსურდული ბრალდება მოვისმინეთ აღნიშნულ ბიუჯეტთან მიმართებაში – ნაწილი ამბობს, რომ ბიუჯეტი არ არის ხალხზე ორიენტირებული, მეორე ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებზეა გათვლილი.

ლოგიკას რომ მივყვეთ, ბიუჯეტი თუ არჩევნებზეა ორიენტირებული, მაშინ ის მაქსიმალურად ხალხზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში სრულადაა ასახული ანტიკრიზისული გეგმით დასაფინანსებელი ღონისძიებებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები, რომელიც მშპ-სთან მიმართებაში 6 პროცენტზე მეტია”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი მომზადებულია COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ და მასში ასახულია, როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომელიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

Share