Home » ეკონომიკა » ანდრია გვიდიანი: პრევენციულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკის აღდგენაზე ვისაუბროთ

ანდრია გვიდიანი: პრევენციულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკის აღდგენაზე ვისაუბროთ

საქართველოს ხელისუფლებამ პრევენციული ღონისძიებები ჯერ კიდევ თებერვალში გაატარა და რისკები ადრე იქნა იდენტიფიცირებული. ადრე ჩავიკეტეთ, შესაბამისად ვირუსის გავრცელება შევაჩერეთ და დღეს უკვე გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკის აღდგენაზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„პრევენციულ ღონისძიებებს და რისკების სათანადო აღქმას, (რაც ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა), ჩვენმა ხელისუფლებამ თავი კარგად გაართვა. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა, (კოვიდის შემდეგ), ეკონომიკის სწრაფად ამოქოქვაა, ამისთვის საჭიროა სტიმულების შექმნა და შესაბამისად ის პაკეტები, რომელიც წარმოდგენილია თუნდაც სოფლის მეურნეობის, წარმოების განვითარების, ტურიზმის და სხვა სექტორში“, – აღნიშნა ეკონომისტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სესხების გადავადება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი გარემოება.

„სესხების გადავადებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, ასევე ძალიან საინტერესოა საბანკო სექტორთან მიმდინარე მოლაპარაკებები და ის, რომ სახელმწიფო და საბანკო სექტორი ერთმანეთში შეთანხმდნენ და გამოსავლის გზა გამოიძებნა. ბევრ ქვეყანაში ასეთი ტიპის შეღავათები არ დაწესებულა და საქართველო ერთ-ერთი პირველი და სამაგალითოა კიდევ სხვა ბევრი მიმართულებით, მათ შორის: ეპიდემიასთან გამკლავება, საგარეო დაფინანსების მოძიება და ის ანტიკრიზისული გეგმები, რომელიც ხელისუფლებამ წარმოადგინა.

ასეთი ტიპის პროექტები ბევრ ქვეყანაში არ წარმოდგენილა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ეკონომიკის გახსნა სწრაფად მოახერხა. ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა ისევ ჩაკეტილია“, – აღნიშნა გვიდიანმა.

Share