Home » საზოგადოება » „ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო კონსორციუმთან ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული“

„ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო კონსორციუმთან ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული.

“ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს მთავრობა ანაკლიის პორტის აშენებას, ჯავახაძე აცხადებს, რომ ალტერნატივები არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ალტერნატივებზე საუბარი გამართლებული არაა.

„ჯერჯერობით ჩვენი მხრიდან გამართლებული არ იქნება, რომ სანამ არსებულ ინვესტორთან გვაქვს ურთიერთობა პარალელურად სხვა ალტერნატივებზე ვიმუშავოთ. ეს ცალკე განხილვის პროცესია და ცალკე უნდა იყოს ამაზე გადაწყვეტილება მიღებული,”-აცხადებს ჯავახაძე.

მისივე თქმით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებული ხელშეკრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლოს იქნება მიღებული.

“წლის ბოლომდე ვიქნებით მოლოდინის რეჟიმში. 31 დეკემბერს უნდა დაველოდოთ. შემდეგ მთავრობა პირველივე სხდომაზე იმსჯელებს ამ საკითხზე და რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ამის შესაბამისად გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები”, – განაცხადა დავით ჯავახაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

ჯავახაძის ინფორმაციით, ” ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ახალი ინვესტორი არ წარუდგენია და არც ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიუმართავს, თუმცა უწყებას კონსორციუმთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების, 400 მლნ დოლარის ინვესტიციის მოზიდვისა და საკუთარი კაპიტალის შევსების საბოლოო ვადა, 31 დეკემბერს ეწურება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, ეს კონსორციუმისთვის ბოლო შანსი უნდა იყოს და გადავადება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება . თავის მხრივ, კონსორციუმში ვადებზე საუბარს არაკონსტრუქციულს უწოდებენ და მთავრობას მოუწოდებენ, ყველაფერი გაკეთდეს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

Share