Home » საზოგადოება » ამირან გამყრელიძე – რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში

ამირან გამყრელიძე – რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში

რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი პირველი პარტნიორი ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე.

მისი თქმით, პირადად არაერთი რუსი მაღალჩინოსანი მოუწვევია საქართველოში, მათ შორის ქვეყნის ჯანდაცვის უწყებიდან.

„რუსები მოწვეულნი არიან ბევრჯერ, ხაზს ვუსვამ, ძალიან ბერჯერ. პირადად მისაუბრია მათ ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან, ქალბატონთან, მის მოადგილესთან, მთავარ სანიტარულ ყოფილ ექიმთან, ონიშენკოსთან, რომელიც გვდებს ხოლმე ბრალს და, რომელსაც კარგად ვიცნობ. მომიწვევია ისინი პირადად და მითქვამს, ჩამობრძანდით და ნახეთ.

ოფიციალურად არიან მოწვეულნი ჟენევაში არსებულ სპეციალურ სამდივნოში, რომელიც სწავლობს ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს და, რომელმაც 2018 წლის ნოემბერში ჩაატარა სპეციალური შესწავლა. იყო დელეგაცია მათი ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიოდა 18 ქვეყნის 21 წარმომადგენელი, მათ მოიწვიეს რუსეთიც, რომელმაც უარი თქვა – არ მივიღებთ მონაწილეობას ამ შეფასებაშიო.

ნამყოფი არიან ბევრჯერ რუსი ჟურნალისტები და გადაღებული აქვთ ყველაფერი. ნამყოფია მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიოლოგიური სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი.  სხვა პასუხი ჩვენ არ გვაქვს. ეს აქვთ პოლიტიკურ თემად არჩეული და როცა უნდათ, მაშინ გადმოაგდებენ ხოლმე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, ლუგარის ლაბორატორიის თემა რუსეთს პოლიტიკურ კონტექსტში გადააქვს.

„რატომ არ ვაგზავნით სინჯებს გამოსაკვლევად ისევ სანკ-პეტერბურგში, რატომ არ ვაგზავნით მოსკოვში, რატომ არ ვაგზავნით სხვაგან. რადგან ეს ყველაფერი კეთდება ლუგარში და არ გვჭირდება დასადასტურებლად იქ გაგზავნა. ზუსტად ამაზეც ნერვიულობენ, განიცდიან ამ საკითხზე და გადაჰყავთ შემდეგ პოლიტიკურ კონტექსტში. აღარ ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება, მეცინება კიდეც უკვე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა რამდენჯერმე პირადად მოიწვია საქართველოში.

„ზახაროვა ჩამოვიდეს და ვაჩვენებ, რაც არის ყველაფერს. სპიკერი ხომ არის მაგათი საგარეო საქმეთა სამინისტროსი. ქალბატონი ზახაროვა ერთხელ პირდაპირი ეთერით მოვიწვიე და ვუთხარი, რომ ჩამობრძანდით და გაჩვენებთ ყველაფერს. რას ელოდებიან? რამდენჯერმე წერილობით არიან მოწვეულნი და პირდაპირ ეთერით მყავს მოწვეული ასევე რამდენიმეჯერ.

პირადადაც შეხვედრილი ვარ საერთაშორისო თავყრილობებზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანსამბლეაზე. მაგათ წინა მინისტრს ვიცნობდი ძალიან კარგად და ნათქვამი მაქვს მისთვის, მისი მოადგილისთვის, საგარეო განყოფილების დეპარტამენტის უფროსისთვის. პირდაპირი ეთერით მოწვეული მყავს ბატონი ონიშენკო, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ის იყო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი. ახლა დუმის წევრია და იქიდან გვმოძღვრავს. პირადად მითქვამს მისთვის, ჩამოდი და გაჩვენებ ყველაფერს, თუმცა იმას ავალებენ და ეუბნებიან, რა უნდა თქვას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Share