Home » საზოგადოება » ამირან გამყრელიძე – მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც არის დიდი ალბათობა, რომ ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ

ამირან გამყრელიძე – მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც არის დიდი ალბათობა, რომ ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო კვირებში დაფიქსირდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის პირველწყარო ვერ დადგინდეს.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საქართველო ამ ეტაპზე კვლავ ვირუსის შეკავების ფაზაშია.

„34 შემთხვევაა ამ წუთისთვის დადასტურებული, მაგრამ დღეს კიდევ მრავალი სინჯია კვლევაში ლუგარში და მთლიანად იცით, რომ ოთხ ადგილზე ტარდება ტესტირება ქვეყნის მასშტაბით : ბათუმი, ქუთაისი, თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია. ამიტომ, უფრო გაიშალა გეოგრაფიულად. ჩვენი მონაცემები გვიან ღამით ან დილით იკრიბება ხოლმე. ჯერ ჩვენ არ ვიცით შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება თუ არა.

რაც შეეხება ქალბატონი მარინას განცხადებას, პატარა კორექტივს შევიტანდი, რომ ჩვენ ამ შემთხვევის შესახებ, რომელზეც ქალბატონი მარინა საუბრობს, ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ დაახლოებთ 20-დან 25-მდე კონტაქტზე. იმედი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება, ანუ საიდან მოხდა, ამ ადამიანის დაინფიცირება.

ამიტომ ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. მაინც იმედი მაქვს, რომ ისე ინტენსიურად ვმუშაობთ ახლა, რადგან ბევრი კონტაქტი ვლინდება, რადგან კონტაქტების მთელი ჯაჭვია კვლევაში. დღესაც ზოგიერთი კონტაქტი, ამ პაციენტთან დაკავშირებული ნიმუშები აღებულია და კვლევაშია. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მაინც გავალთ კონტაქტზე. თუ ვერ გავედით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში უკვე იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანის, ან ადგილობრივი დაინფიცირებისა, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხეული ან მეხუთეული გადაცემა მოხდება, ვირუსის უფრო ფართო გავრცელება დაიწყება.

„ეს ნიშნავს იმას, რაც დღეს ბატონმა პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით ე.წ. შეკავების ფაზაში. 2,5 თვეა, რაც საქართველო ამ ინფექციას ებრძვის და აქამდე გარკვეულად შევაკავეთ ვირუსი, რომ არ გადავედით შედარებით უფრო ფართო გავრცელების ფაზაში. გვაქვს 34 შემთხვევა და ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, საიდან შემოვიდა, ვის გადაედო და ამ ჯაჭვს მივყვებით. როდესაც გაჩნდება ავადმყოფი სადმე, რომელიმე აბულატორიულ დაწესებულებაში ან კლინიკაში ტემპერატურით, რომელიც არ ყოფილა არც ესპანეთში, არც საფრანგეთში, არსად ევროპაში და მას კორონავირუსი ინფექცია დაუდგინდება, ის ვერ გაიხსენებს და ვერ გვეტყვის, ვისთან იყო კონტაქტში, რომელიმე საეჭვო პერსონასთან ამ თვალსაზრისით, მაშინ ვამბობთ უკვე, რომ არის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევა. ჩვენ უკვე გვაქვს მესამეული გადაცემა, მეოთხეული ჯერჯერობით არ ფიქსირდება. როცა მეოთხეული, მეხუთეული გადაცემის შემთხვევები გვექნება, მაშინ ეს ეპიდემია უფრო იშლება და იწყება ე.წ. ფართო გავრცელება“, – განმარტა გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

Share