Home » საზოგადოება » ამირან გამყრელიძე – მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი

ამირან გამყრელიძე – მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი

მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სოფელ მუშევანში მცხოვრები ინფიცირებული პირები კორონავირუსზე განმეორებითი კვლევის ჩატარებას ითხოვენ.

„მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი, როგორც ჩანს. ჩვენ ასე მოგვცეს ინფორმაცია, რომ თითქოს მოლა და მუფტი ცუდ როლს თამაშობსო. ახლა განმეორებით კვლევებს ითხოვენო. განმეორებითი კვლევები მათ ჩაუტარდებათ 4 დღის შემდეგ, 8 დღის შემდეგ, ახლა ჩვენ რომ დავყვეთ მათ მოთხოვნას და განმეორებით კვლევაზე წავიდეთ, ატყდება 190 კაცი, რომ მათაც განმეორებითი კვლევა ჩაუტარდეთ. განმეორებითები არის 3 – 4 დღის შემდეგ და გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც პროტოკოლით არის განსაზღვრული,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მარნეულის მერიაში გამართულ შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე, პაატა იმნაძე, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი და მარნეულისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, გუშინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.

Share