Home » ბიზნესი » ალექსი მატუა – 2020 წელს “პროკრედიტ ბანკის” პრიორიტეტი იქნება წარმოების დაფინანსება

ალექსი მატუა – 2020 წელს “პროკრედიტ ბანკის” პრიორიტეტი იქნება წარმოების დაფინანსება

“ჩემპიონების ჩემპიონი” – “პროკრედიტ ბანკი” წლის ყველაზე პასუხისმგებლიან კომპანიად დასახელდა

სოციალური პასუხისმგებლობის კონკურსს “მელიორაში” მოპოვებული წარმატების შესახებ, პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი მატუამ “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა. მან ასევე შეაჯამა ბანკის 2019 წლის საქმიანობა და მნიშვნელოვანი სიახლეები.

– როგორია იყოს 2019 წელის “პროკრედიტ ბანკისთვის” და რა შედეგებზე შეგიძლიათ გაამახვილოთ ყურადღება?

– 2019 წლის პირველი 6 თვე იყო გამოწვევებით სავსე. თუმცა, მეორე ექვს თვეში საკმაოდ კარგი და პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ზრდის და მომგებიანობის მიმართულებით. წელი, ასევე მოიცავდა ახალი პროექტების დანერგვას. უკვე დავაანონსეთ პირველი პროექტი საქართველოში, რომელიც ვიდეო-იდენტიფიკაციას ეხებოდა. პროექტი უკვე ჩაშვებულია და მუშაობს, რაც საქართველოში ჯერჯერობით უნიკალურია. ამ მიმართულებით, ალბათ, ბაზარს ამ სერვისს სხვა ბანკებიც შესთავაზებენ მომავალში. ეს წელი იმითაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ბანკმა იმაზე მეტი შედეგი დადო მომგებიანობის კუთხით, ვიდრე ამას მოველოდით. საბოლოო ჯამში წარმატებული წელია, თუმცა ბოლო წლების ანდაც 20 წლიან ჭრილში თუ გადავხედავთ, მთავარი სტრატეგია არის მაინც გაციფრულება, მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდაჭერა. მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ორ პროექტს გამოვყოფდი – ევროპის საინვეტიციო ფონდმა გამოყო 50 მილიონიანი საგრანტო ფონდი, რომელიც ფაქტობრივად უტილიზებულია, ათვისებულია. 50 მილიონიანი საგარანტიო ფონდის გამოყენება საქართველოში, ბოლო წელიწადნახევრის, ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად ნიშნავს 100 მილიონი ევროს ინვესტიციას საქართველოში. ახლა უკვე საუბარია დამატებით 30 მილიონიანი ფონდის დამტკიცებაზე 2020 წლისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია EBღD-ის პროექტი. ეს არის 25 მილიონიანი პროექტი, რომლის ფარგლებში ჩვენ “მწვანე ეკონომიკას” დავაფინანსებთ. “მწვანე ეკონომიკა” არის ერთ-ერთი პროექტი, რის გამოც ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის კონკურსს “მელიორაში” გავიმარჯვეთ და გავხდით “წლის ყველაზე პასუხისმგებლიანი კომპანია”.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ აღნიშნული ჯილდოს შესახებ, რამდენი კომპანია იღებდა მონაწილეობას და როგორი იყო კომპანიების მხრიდან დაინტერესება?

– ჩვენ გავიმარჯვეთ ნომინაციაში “წლის ყველაზე პასუხისმგებლიანი კომპანია საქართველოში”. ეს, ერთი მხრივ, არის აღიარება იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის პასუხისმგებლობა და მოტივაცია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვისაც და გარემოსთვისაც. ამ ნომინაციაში ჯილდოს მიღება მოტივაციას ქმნის სხვებისთვისაც. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 35 კომპანია, 70 პროექტი იყო წარდგენილი, ქართველი და საერთაშორისო 25 კაციანი ჟიურით. პროცესი არ იყო ერთდღიანი. ის თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. ჩვენ, ზოგადად, ასეთ კონკურსებში არ ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა გარემოს დაცვითი მენეჯმენტის ხელმძღვანელის, ქეთი კეკელაშვილის და მისი გუნდის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე დავთანხმდით კონკურსში მონაწილეობაზე. დავიწყეთ აქტიური მუშაობა, რამაც შედეგიც გამოიღო და ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენელმა დაგვასახელა როგორც “ჩემპიონების ჩემპიონი”. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო. უნდა ითქვას, რომ დაინტერესება კონკურსის მიმართ საკმაოდ მაღალი იყო. ის ფაქტი, რომ 3 ფინალისტში “ნატახტარი, “თიბისი ბანკი” და “პროკრედიტი ბანკი” მოხვდა, მეტყველებს კონკურსის სირთულესა და ამავდროულად, მრავალფეროვნებაზეც.

– რა არის ის მთავარი, რის გამოც “პროკრედიტ ბანკმა” აღნიშნული ჯილდო მიიღო?

– ბევრი კრიტერიუმი იყო კონკურსის ფარგლებში. ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი შედეგი გარემოს დაცვის მიმართულებით განისაზღვრა. უფრო კონკრეტულად იმ პროექტების გამო, რაც “პროკრედიტ ბანკმა” გარემოს დაცვის კუთხით განახორციელა. ასევე, კლიენტებთან, თანამშრომლებთან და საზოგადოებასთან დამოკიდებულების კონტექსტშიც. მთლიანობაში ეს ოთხივე კომპონენტი იყო შეფასებული საუკეთესოდ. მაგალითად რომ ავიღოთ გარემოს დაცვითი მიმართულება, დაახლოებით 12 წელია ამ კუთხით ძალიან ვაქტიურობთ. აქ მთავარი მომენტია ერთი ის თუ რას აკეთებ კლიენტებისთვის, როგორი სახის პროდუქტები გაქვს, რამდენად გამჭვირვალეა ეს პროდუქტები, რამდენად აისახება გარემოზე დადებითად, მეორე, რას აკეთებს ორგანიზაცია მის შიგნით გარემოს დაცვითი კუთხით და მესამე, თანამშრომლები. მარტო შიდა რამოდენიმე პროექტი რომ დავასახელო, მაგალითად, წვიმის წყლის გამოყენების პროექტი “პროკრედიტ ბანკში”. ეს პროექტი ძალიან საამაყოა ჩვენთვის. 25% ორგანიზაციის მიერ მთელი გამოყენებული წყლის, მოდის წვიმის წყალზე. ასევე, პროექტი, რომელსაც ჰქვია “ელექტრომანქანები”. ბოლო 2 წელია და მომავალშიც როდესაც მანქანების ვიყიდით, არის და იქნება მხოლოდ ელექტრომობილები. მთელი ავტოპარკის 70% უკვე არის ელექტრომანქანები და ჰიბრიდული მანქანები. მომავალში 100%-ით ელექტრომანქანებზე გადავალთ. იმედი მაქვს, ამ მასშტაბის კომპანიებში, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვისაც მხოლოდ ელექტრომობილები ეყოლება. გვაქვს პროექტი, რომელიც ფინალურ ეტაპზეა – სოლარ პანელების პროექტი. პროექტის დასრულების შედეგად, ელექტროენერგიას უკვე მზის ენერგიიდან მივიღებთ.

ერთი-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელიც ვახსენე, თანამშრომლებია. ცნობიერების ამაღლება, კომპეტენცია და ცოდნა, რეალიზაცია – ამ მიმართულებებითაც უნდა გამოირჩეოდა აღნიშნული ნომინაციაში გამარჯვებისთვის. ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობას გავლილი აქვს მინიმუმ ერთი საერთაშორისო ტრენინგი. საშუალო დონის მენეჯერებს, ყველას სამწლიანი აკადემია აქვთ გავლილი მენეჯმენტის მიმართულებით. ეს ყველაფერი აისახება იმაში, რომ კომპეტენცია არის მაღალი და პროექტების განხორციელება ხდება უფრო ეფექტურად.

– თქვენი ბანკი აქცენტს აკეთებს მაღალ ტექნოლოგიებზე. გარდა იმისა, რაც უკვე დანერგა “პროკრედიტ ბანკმა”, კიდევ რას უნდა ელოდოს 2020 წელს მომხმარებელი?

– ორ მიმართულებად გავყოფდი – ფიზიკური პირების და იურიდიული პირების მიმართულებად. ფიზიკური პირების კუთხით, “პროკრედიტ ბანკმა” ბევრი რამ გააციფრულა – მანქანა-დანადგარები, ონლაინ ტრანზაქციები, მობაილ ბანკინგი, ინტერნეტ ბანკინგი. ფიზიკურმა პირებმა ამით მთლიანი ბიზნესმოდელი გადააწყო და ბანკთან ურთიერთობა გაიადვილა. თუმცა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს გერმანელ კოლეგებთან იმის თაობაზე, თუ კიდევ რა შეგვიძლია დავნერგოთ საქართველოში, რაც აპრობირებულია იგივე დასავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გვაქვს დაგეგმილი პროექტი, რომელიც საშუალო ზომის ბიზნესებისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ეს არის თანადაფინანსების პროექტის მეორე ფაზა. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად. ამ პროექტის პირველი ფაზა უკვე გავიარეთ, რომლის ფარგლებში 25 მილიონი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში. ახლა ვიწყებთ მეორე ფაზას და ვფიქრობთ, რომ 30 მილიონი ევროს ინვესტირებას მოვახდენთ. ამ ინვესტიციას გერმანულ “პროკრედიტ ბანკთან” ერთად ვახორციელებთ. მიზნობრივი ჯგუფი იქნება საწარმოები, ისინი ვინც პროდუქციას აწარმოებს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებებს არ დავაფინანსებთ. პრიორიტეტი იქნება წარმოების დაფინანსება, ტურიზმისა და მომსახურების სფეროს დაფინანსება. სტრატეგიული ეს სამი მიმართულება იქნება. ჩვენ, საშუალო ბიზნესებს ჩვენი პირობებით ვაფინანსებთ, ხოლო “პროკრედიტ ბანკ” გერმანია გერმანული პირობებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპრეცედენტო პირობები იქნება საშუალო ზომის ბიზნესებისთვის.

სანდრო პირველი

Share