Home » საზოგადოება » აიეტ კუკავა: ფასიანი ქაღალდების ზედამხედველი ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს

აიეტ კუკავა: ფასიანი ქაღალდების ზედამხედველი ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს

„ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, აიეტ კუკავა მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გამოყოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველი ეროვული ბანკისგან. როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ეს ნაბიჯი კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. 

„დღეს საქართველოში საფონდო ბირჟასა და კაპიტალის ბაზარზე საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა. კომპანიებს არ შეუძლიათ გრძელვადიანი რესურსის მოზიდვა, ვინაიდან ბაზარი განვითარებული არ არის. ქართველი მოსახლეობა ამ პროდუქტს საერთოდ არ იცნობს. განუვითარებლობის გამო კი უცხოელებიც არ არიან დაინტერესებულები. მხოლოდ რამდენიმე კომპანიის ფასიანი ქაღალდები ივაჭრება. 2008 წელს ფასიანი ქაღალდების ზედამხედველი ეროვნულ ბანკს შეუერთეს. ეს უდიდესი შეცდომა იყო. ყველა სტატისტიკით ჩანს, რომ 2008 წლამდე რა აქტივობაც იყო, იმან დაიკლო. გაკოტრდა ბევრი სამაკლერო, თუ სხვა ტიპის კომპანია, რომელიც ბირჟასთან იყო დაკავშირებული. დაიკარგა ათეულობით სამუშაო ადგილი. ეს კი მაშინ, როდესაც თავად ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების აქტივები გაიზარდა 20-ჯერ და უფრო მეტად. საბანკო სექტორი მაღლა წავიდა, ბირჟა კი პირიქით. ფასიანი ქაღალდების ზედამხედველი ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს“,- აღნიშნა აიეტ კუკავამ.

მისივე განცხადებით, მხოლოდ ობლიგაციების ბაზრის განვითარება საფონდო ბირჟას ვერ გააქტიურებს.

„ბოლო 10 წელია მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველი გამოყოს. როდესაც ეს დეპარტამენტი ცალკე გამოიყოფა, გამოჩნდება რისი გამკეთებელია. მენეჯერად უნდა დაინიშნოს, სასურველია ქართველი ადამიანი, რომელსაც გამოცდილება ამერიკაში, ან ევროპაში ექნება მიღებული. მას უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ გადააქციოს საქართველოს ბირჟა რეგიონში საერთაშორისო ბირჟად გადააქციოს. 3-4 წელიწადში მას ეროვნულ ბანკზე გაცილებით დიდი ბუჯეტი ექნება. ათასობით ქართულ კომპანიას გაუჩნდება იმედი, რომ თუ ისინი შექმნიან ღირებულ პროდუქტს და 3,4 ან 5 წლის განმავლობაში ზრდას აჩვენებენ, ექნებათ შანსი მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ მათი აქციები იყიდონ. ახლა ხელოვნურად, ბუტაფორილულადაა შექმნილი სურათი, თითქოს რაღაც იცვლება, მაგრამ ეს რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი კომპანიაა. საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა ონლაინ კაზინოები. მილიონი მომხმარებელია დარეგისტრირებული და მათი ფული არაფერში იხარჯება მაშინ, როდესაც თვეში თითოეულმა მოქალაქემ 5 ლარი რომ ჩადოს ფასიან ქაღალდებში, ამით ქვეყანას უდიდეს სამსახურს გაუწევს და 20 წლის თავზე მილიონობით კაპიტალს დაიგროვებს“,- ამბობს კუკავა.

„ბიზნესპარტნიორი“

Share