Home » ბიზნესი » ავტობიზნესის გადარჩენისთვის 6-თვიანი შეღავათი დაწესდა

ავტობიზნესის გადარჩენისთვის 6-თვიანი შეღავათი დაწესდა

„ახლა, როდესაც მეორე ტალღაზე მიდის მუდმივად საუბარი, ხალხი მანქანებს საერთოდ აღარ ეკარება”

მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათი 2021 წლის მარტამდე გაახანგრძლივა. 6-თვიანი მორატორიუმი ავტობიზნესს გაკოტრებისგან იხსნის, მაგრამ თავისებურ პრობლემებსაც წარმოქმნის.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დაადასტურა, რომ მთავრობა 24 000 ავტომფლობელს განბაჟების ვადას 2021 წლის მარტამდე გადაუვადებს. ამ შეღავათით მოხდება არა მხოლოდ განბაჟების გადავადება, არამედ ავტოიმპორტიორებს არ დაერიცხებათ საურავები.

„ჩვენ რამდენჯერმე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა და ის ნაბიჯი, რომელიც ერთხელ უკვე გადავდგით განბაჟებასთან დაკავშირებით, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, უმჯობესი იქნება, რომ კიდევ გადავდგათ და ვალდებულებების შესრულება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე. ეს ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს შეეხება, დაახლოებით, 24 000 ავტომფლობელს და არის, დაახლოებით, 30 მლნ-ზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების.

ასეთი ნაბიჯი ამ ეტაპზე აუცილებელია, რამეთუ მივეხმაროთ ავტოიმპორტიორებს და ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით – კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.

სექტემბრის მოახლოებასთან ერთად თემას აქტიურად აშუქებდა „რეზონანსი“. ჩვენთან საუბარში იმპორტიორები 90%-ით შემცირებულ რეალიზაციაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ მათთვის ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა საშეღავათო პერიოდის შემდეგ თანხების მობილიზება. როგორც ჩანს, მათი პრობლემები ხელისუფლებამ გაიზიარა და მიზანშეწონილად ჩათვალა შეღავათის გახანგრძლივება, რასაც სექტორი მიესალმება. 

,,ჯეო ავტოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ შეღავათი მათი ბიზნესისათვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ერთადერთი შანსია, რათა დახურვას გადაურჩნენ. 

,,პანდემიის დაწყებისთანავე ადამიანებს სულ სხვა საზრუნავი გაუჩნდათ და მანქანის შეძენისათვის ცოტას თუ ეცალა. ახლა მეორე ტალღაზე მიდის მუდმივად საუბარი და ხალხი ფულს ამისთვის ინახავს. არავინ იცის, ჩაგვკეტავენ თუ არა ისევ. ასე რომ, ამოსუნთქვისთვის მცირე პერიოდიც კი არ მოგვეცა, რომ გადასახდელების მობილიზება შეგვეძლოს. 

სამწუხაროდ, ისე მოხდა, ჩვენს სექტორს არ გააჩნია არც პროფესიული კავშირი და არც არავითარი გაერთიანება, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, თუ ხელისუფლებამდე მივიდოდა ჩვენი პრობლემა და გაითვალისწინებდნენ. 

რასაკვირველია, ეს დიდი შეღვათია და ძალიან ბევრისთვის, მათ შორის – ჩემი კომპანიისათვისაც, ბიზნესის შენარჩუნების გზაა, მით უფრო იმ ფონზე, როცა ფირმების უმეტესობას კადრების შემცირება მოგვიწია“, – განუცხადა „რეზონანსს” იმპორტიორმა.

ფაქტია, ხელისუფლება არა მხოლოდ ამ ბიზნესის დახმარებას და იქ დასაქმებულების შენარჩუნებას, არამედ ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორის შენარჩუნებასაც ცდილობს. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს ავტომობილების რეექსპორტი საქონელბრუნვაში პირველ ადგილს იკავებდა. შემოსავალმა 686,7 მლნ დოლარი – მთელი ექსპორტის 18,2% შეადგინა. 2019 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 68,2%-ით გაიზარდა.  

საავტომობილო სფეროს სპეციალისტი, ავტოიმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ ინიციატივა კარგია, მაგრამ ეს ნახევრად მკვდარ ბიზნესს ვერ გააცოცხლებს.

,,გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ვერ დააბალანსებს სიტუაციას და ვერ გააცოცხლებს ნახვერად მკვდარ ბაზარს, მით უფრო, რომ ინიციატივა საკმაოდ მოუმზადებელია და აქვს ბევრი ლაფსუსი. ერთი მხრივ, ის შვებას მისცემს ავტოიმპორტს, მეორე მხრივ კი, ეჭვქვეშ დგება უსაფრთხოების ნაწილი. 

ცხადია ისიც, რომ ბევრი მანქანა ივლის ტრანზიტული ნომრით, რომელიც გაცემულია დროებითი მოხმარებისთვის. ყოველი დღით სარგებლობის საფასური 1 ლარია. ტექნიკურად არასწორი და გაუმართლებელი მიდგომაა, რადგან მანქანები აღრიცხვაზე არ არის, ტექდათვალიერებაც არ ექნება გავლილი (განუბაჟებელ ავტომობილზე ეს ვალდებულება არ ვრცელდება). შესაბამისად, ესეც პრობლემაა. ეს, გარკვეულწილად, შეცდომაა, რომელიც ხელს კი არ უწყობს, ქაოსის გამომწვევი გახდება. 

ბიუჯეტში რაღაც თანხა მაინც შევა. ალბათ, გადაწყვეტილება ამ მიზნით არის მიღებული. არ გამოვრიცხავ, ავტომობილების ფასზეც მოახდინოს გავლენა, რადგან ჭარბ პროდუქციას შესაბამისი ფასის კლება სჭირდება, სხვანაირად ის ვერ გაიყიდება. დღეს რეექსპორტი ძალიან რთულია. ფინანსური მდგომარეობა არ არის ნორმალური და ახლა ვინ ყიდულობს მანქანას, ჩემთვის ესეც გაუგებარია. გარდა ამისა, ბევრი ისეთი ნიუანსია, რომლებიც შიდა გადაადგილებას ხელს შეუშლის”, – განუცხადა „რეზონანსს” ელგუჯა ჯამაგიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოქმედი ბრძანებით, ავტოიმპორტიორები თუ ვერ შეძლებენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე განხორციელდება. სწორედ ეს ვადა ხანგრძლივდება 6 თვით.

წყარო: “რეზონანსი”

Share