Home » საზოგადოება » აგროდაზღვევა მარტივდება
აგროდაზღვევა მარტივდება

აგროდაზღვევა მარტივდება

აგროდაზღვევის  გამარტივებული პროექტი  მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის უკვე დაამტკიცა. აგროდაზღვევის პროგრამაში მიმდინარე წლიდან  თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70% იქნება, ხოლო ვაზზე 50%.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს  5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს ან 100 ჰექტარს შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება.

გასული წლისგან განსხვავებით წელს შემცირდა მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4-დღის ვადით განისაზღვრა. აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა; წყალდიდობა; ქარიშხალი საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).

აგროდაზღვევის 2017 წლის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი (მარცვლეულიკულტურის შემთხვევაში 30 ჰა). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50% -ს. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.

ასევე, მიმდინარე წელს გაუმჯობესდა და მაქსიმალურად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის და “ფრანშიზის” (არანაზღაურებადი მინიმუმის) გამოქვითვის წესი. ერთი და იგივე რისკის ხდომილებისას, იმ შემთხვევაში თუ მეორე სადაზღვევო შემთხვევა მოხდება წინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენამდე “ფრანშიზა” გამოიქვითება ერთჯერადად მხოლოდ იმ პირობით, რომ მზღვეველს ორივე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს ამ პროგრამით განსაზღვრული წესით. მოცდის პერიოდი მოიცავს 4 კალენდარულ დღეს.

აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან წელს 7 მილიონი ლარი გამოიყოფა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 3 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის  შენარჩუნება და შემცირებაა.

2014- 2016 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია  47,485 პოლისი;

დაზღვეული ფართობი შეადგენს  39,138 ჰა; ჯამში დაიზღვა  326,842,630 ლარის მოსავალი;

ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან  სახელმწიფომ  22,051,912 ლარის სუბსიდირება მოახდინა.  აღსანიშნავია, რომ 2 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა  19 მლნ. ლარამდე შეადგინა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აგროდაზღვევა არ იქნება სავალდებულო, პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდა და გაიზარდა დაფარვის მასშტაბი.

“ჩვენი მიზანია, პროგრამა იყოს უფრო მეტად საყოველთაო – დაზუსტდა ტარიფები. მოგეხსენებათ, დაზღვევა მნიშვნელოვნად უკავშირდება სტატისტიკურ ინფორმაციას. ოთხი წლის წინ, როდესაც პროგრამა დავიწყეთ, სტატისტიკური ინფორმაცია იყო ძალიან მწირი. წლიდან წლამდე სადაზღვევო კომპანიებს უგროვდებათ გამოცდილება, ხდება სადაზღვევო პირობების დახვეწა და დამუშავება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ პროექტში ჩართვა ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “აგროდაზღვევის პროგრამის” მენეჯერი ლევან მაღრაძე განმარტავს, რომ ამ დროისთვის სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართვით 4 სადაზღვევო კომპანიაა (ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, არდი და აისი ჯგუფი) დაინტერესებული.

მაღრაძის განცხადებით,გასული წლისგან განსხვავებით, ფიქსირებული იქნება მინიმალური და მაქსიმალური სადაზღვევო სატარიფო გეგმა. როგორც მაღრაძე აცხადებს, წელს აგროდაზღვევის ტარიფები გაიაფდა.

“გაიაფებას როდესაც ვამბობ, ვგულისხმობ იმას, რომ გასულ წელს იყო მინიმალური და მაქსიმალური სადაზღვევო ტარიფი. ანუ, მაგალითად სადაზღვევო ლიმიტის მინიმუმ 8 პროცენტი, ხოლო მაქსიმალური 12 პროცენტი. წელს იქნება ფიქსირებული 8 პროცენტის ტოლი. თუ ადამიანი 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ელოდება 10 000 ლარის მოსავალს, წელს, გაიაფებული ტარიფებით, ამ თანხის 8 პროცენტი, ანუ ფერმერს მთლიან ნაკვეთში 800 ლარი ექნება გადასახადელი. აქედან 50 -70 პროცენტს ჩვენ გადავიხდით”, – აცხადებს მაღრაძე.

ელენე ციგრიაშვილი

 

Share